რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მივიდა.
მან ჟურნალისტებს მანამდე განუცხადა, რომ პატრიარქის კურთხევა ჰქონდა ციხეში შესვლასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა.
მანამდე, პირველ ოქტომბერს, დილით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.