საქართველოს პრეზიდენტი: ევროინტეგრაციის გზაზე ყველა პარტნიორის მხარდაჭერა გვჭირდება

მონტენეგროს პრეზიდენტის მილო ჯუკანოვიჩის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს სახელმწიფო დელეგაციასთან პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა უმაღლესი დონის ვიზიტს საქართველოში ისტორიული უწოდა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მონტენეგროს პრეზიდენტის ვიზიტი გასულ წელს იგეგმებოდა, თუმცა გლობალური პანდემიის გამო გადაიდო. სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო ერთობლივი ძალისხმევითა და სოლიდარობით პანდემიას სწრაფად დაამარცხებს და ურთიერთობების ჩვეულ ფორმატს დაუბრუნდება.

მხარეებმა განიხილეს, საქართველოსა და მონტენეგროს გეოპოლიტიკური მოცემულობა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე საერთაშორისო თანამეგობრობისა და პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობა და მონტენეგროს მიერ საქართველოსათვის ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ყველა პარტნიორის მხარდაჭერა ძალიან სჭირდება.

საქართველოს პრეზიდენტმა, თავის კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.

დღეს, მონტენეგროს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონიაზე შესრულდა მონტენეგროს და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.

დახვედრის ცერემონიაში მონაწილებდნენ საქართველოს პარლამენტის მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ ტალიაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თემურ ჯანჯალია, საქართველოს ელჩი მონტენეგროში ელჩი ზაალ გოგსაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ლიანა ჯერვალიძე.

მონტენეგროს მხრიდან: მონტენეგროს ელჩი საქართველოში დრაგიკა პონორაკი, მონტენეგროს პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი მილან როჟენი, მონტენეგროს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თამარა ბრაჟოვიჩი.

ცნობისთვის, საქართველოსა და მონტენეგროს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2007 წლის 29 ოქტომბერს დამყარდა.