ირაკლი ღარიბაშვილი: შავი ზღვის უსაფრთხოების პროცესში NATO-ს აქტიური ჩართულობა სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს

რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, შავი ზღვის უსაფრთხოების პროცესში NATO-ს აქტიური ჩართულობა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალ რობ ბაუერთან შეხვედრაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ NAT0-ს უმაღლესი სამხედრო ხელისუფლების საქართველოში ვიზიტი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერის მაჩვენებელია.

პრემიერის განცხადებით, საქართველო, როგორც NATO-ს მოკავშირე, უსაფრთხოების საერთო პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულია და უერთდება გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოკავშირეების მიერ გაწეულ ძალისხმევას, რისი დასტურიცაა საქართველოს როლი მტკიცე მხარდაჭერის მისიის დასრულების შემდეგ, ავღანეთიდან ტრანზიტისა და ევაკუაციის ძალისხმევის ხელშეწყობაში.

„პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთგულია და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით აგრძელებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. საუბარი შეეხო თავდაცვის შესაძლებლობების და ალიანსთან თავსებადობის გაძლიერების მიზნით საქართველოში ამბიციური თავდაცვის რეფორმების განხორციელებას, საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას და ნატო-სთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტურ გამოყენებას.

ხაზი გაესვა NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) მნიშვნელობას, რომელიც სრულად აკმაყოფილებს NATO-ს სტანდარტებს და მზად არის, მოკავშირეებს მრავალეროვნული სწავლებებისთვის მაღალი სტანდარტების სასწავლო გარემო შესთავაზოს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის სამხედრო მრჩეველი, ბრიგადის გენერალი დატლევ სიმონსი, NATO-ს საერთაშორისო სამხედრო სამსახურის თანამშრომლობითი უსაფრთხოების სამმართველოს დირექტორი, გენერალ-მაიორი ფრანჩესკო დიელა, საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როსარია პუგლისი, NATO-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი პოლკოვნიკი რუშენ აბიდინოღლუ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს ელჩი NATO-ში ვიქტორ დოლიძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და ნატოში საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი, ბრიგადის გენერალი ირაკლი ძნელაძე ესწრებოდნენ“, - აღიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.