ყოფილი პრემიერის შეთავაზებას „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებაში“ უპასუხეს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას მოლაპარაკებებზე, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებაში“ უპასუხეს.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ბევრი საკრებულოა, სადაც ოპოზიციას ერთობლივად შეუძლია მოახდინოს კოალიციური მთავრობის ფორმირება ადგილობრივ დონეზე.

„ბევრი საკრებულოა, სადაც ოპოზიციას ერთობლივად შეუძლია მოახდინოს კოალიციური მთავრობის ფორმირება ადგილობრივ დონეზე. საჯარო იქნება, არასაჯარო, მრგვალი, თუ ოთხკუთხედი მაგიდის ირგვლივ, ფაქტია, რომ ამ ადამიანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ სად დგება ოპოზიციასთან თუ ხელისუფლებასთან. ამით მისი ამომრჩეველიც ნათლად გაიგებს, რა არის მისი პოლიტიკური არჩევანი ივანიშვილის პროექტად პოზიციონირებს თუ რეალურად სურს ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა. ასე რომ, ამ კონსულტაციებისთვის ჩვენ მზად ვართ, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ მოხდეს ოპოზიციური კოალიციური მთავრობების ფორმირება ადგილობრივ დონეზე“ , - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკის თქმით, საჭიროების შემთხვევაში იქნება მოლაპარაკებები იმ ადამიანებთან, ვისაც საკრებულოებში შეუძლიათ ამა თუ იმ საკითხის ბედი გადაწყვიტონ.

„საერთოდ, პოლიტიკურ სივრცეში მოლაპარაკებები არ არის უჩვეულო ამბავი, მაგრამ უჩვეულოა ის, რაც გიორგი გახარიამ ჩაიდინა, რასაც ჰქვია "ნაციონალური მოძრაობის" ხელშეწყობა. რაც შეეხება საკრებულოებში მისი წარმომადგენლების პოზიციას, ის განპირობებული უნდა იყოს არა მოლაპარაკებიდან გამომდინარე, რომელიც შეიძლება „ნაცმოძრაობასთან“ ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“, თუნდაც, ცალმხრივ ფორმატში, არამედ იმ ინტერესებიდან, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას გააჩნია. აქედან გამომდინარე, თემატური პოზიცია უნდა შეარჩიონ მათმა წარმომადგენლებმა, პირადად გახარიაზე განზრახ არ მაქვს საუბარი და გადაწყვეტილება თემატური საკითხებიდან უნდა მიიღონ - რომელი შეთავაზება სჯობს საზოგადოებისთვის, რომელსაც ისინი ადგილზე წარმოადგენენ. "ნაციონალურ მოძრაობასთან" მოლაპარაკებები, ან ჩურჩული და კონსპირაცია რასაკვირველია, მისაღები არ იქნება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საჯარო ფორმატში მოლაპარაკებების გამართვის საჭიროება არ არსებობს და აუცილებელი არ არის ასეთი მოწოდებებით გამოსვლა საზოგადოების წინაშე ქულების დასაწერად.

„სამი მუნიციპალიტეტია, სადაც გარკვეულ თემებზე კონსულტაციები აუცილებელი იქნება და რეალურად, ამას მუნიციპალიტეტის ინტერესების გათვალისწინებით თავისუფლად მოახერხებს „ქართული ოცნების" ხელისუფლება ადგილებზე, რაც იქნება აუცილებელი კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად. კოალიციის შესაძლებლობებს რაც შეეხება, უნდა ითქვას, რომ ასე პარტიასთან კონსულტაციები და გეგმები მათთან თანამშრომლობაზე არ არსებობს, იქნება თემატური და ცალკეულ პირებთან მოლაპარაკებები ცალკეული საკითხების თაობაზე გადაწყვეტილებების მისაღებად“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პოლიტიკურ დიალოგსა და შეთანხმებას გამორიცხავს „როგორც ღალატთან ასოცირებულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, ასევე ძალადობასთან ასოცირებულ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. მისი თქმით, ზოგიერთ ე.წ. პოლიტიკოსს აქვს განცდა და ამბიცია, რომ ისეთ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, ვისთანაც მმართველი პარტია მოლაპარაკებაში აუცილებლად უნდა შევიდეს.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას" ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს სთავაზობს, დაბალანსებული საკრებულოების მიღების მიზნით.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება” და „ნაციონალური მოძრაობა” მის პარტიას ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში სთავაზობენ, რომ საკრებულო მათთვის მისაღები კანდიდატებით დაკომპლექტდეს.