ევროპარლამენტარები საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროპარლამენტარი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი და ევროპარლამენტარი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილე რასა იუკნევიჩიენე ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ იზიარებენ არჩევნებზე ეუთო/ოდირის დასკვნას. თუმცა აქვთ შენიშვნებიც და ამასთან, განცხადების ავტორები „ქართულ ოცნებას“, კერძოდ, პრემიერ-მინისტრს, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაკავების ირგვლივ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებენ.

„ჩვენ ვეთანხმებით დამოუკიდებელ საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებას, რომ 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ გარემო დააზიანა გავრცელებულმა და თანმიმდევრულმა ბრალდებებმა დაშინების, ხმის მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლისა და არათანაბარი საასპარეზე პირობების შესახებ.

ჩვენ ვიზიარებთ ODIHR- ის შეშფოთებას პოლარიზებული მედია ლანდშაფტის, რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსისა და კამპანიის ფინანსების არასაკმარისი ზედამხედველობის, კამპანიაში ქალების არასაკმარისი წარმომადგენლობის, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ანგარიშებისა და ჟურნალისტების მიმართ ზეწოლის შესახებ.

ამასთან, მმართველი პარტიის სასარგებლოდ რესურსების დისბალანსის გარდა, განსაკუთრებით შემაშფოთებელია პოლიტიკური პოლარიზაცია, რაც გავლენას ახდენს საზოგადოებაზეც.

ჩვენ ვეთანხმებით აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომ არსებობს საშიში რისკი, რომ ეს და სხვა განმეორებითი არჩევნების დარღვევები გარდაუვალი გახდეს. ქართველი ამომრჩეველი იმსახურებს მთლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს საარჩევნო პროცესში.

დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები უნდა გამოსწორდეს არჩევნების მეორე ტურამდე, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი.

ველით, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი საქმე საქართველოში გამოძიებული იქნება ევროპული მართლმსაჯულების სისტემის პრინციპების შესაბამისად. სამწუხაროდ, ჩვენ შეშფოთებით უნდა აღვნიშნოთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი საჯარო მუქარა ბატონი სააკაშვილის მიმართ, რომ დამატებითი ბრალდებები მის „ქცევაზეა“ დამოკიდებული.

ეს აჩვენებს, რომ ბატონი სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე ფაქტობრივად პოლიტიკურია, რაც სავალალოა და შეუთავსებელია ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსთან.

ეს არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ არ შეუძლია, გადალახოს მართლმსაჯულების პოლიტიზირების ცდუნება, რომელიც არ შეესაბამება კანონის უზენაესობის და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების პრინციპებს.

ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, მთავრობის წარმომადგენლისგან ამგვარი განცხადები მის დაუყოვნებლივ გადადგომას გამოიწვევდა.

პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების პერსონალური თავდასხმები ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და „ვარდების რევოლუციის“ მიღწევებზე უბრალოდ ამაზრზენია. მომწიფებულ ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებში, რომლებიც დაფუძნებულია ურთიერთნდობასა და პატივისცემაზე, მთავრობისა და მმართველი პარტიის ლიდერების ასეთ ქცევას ვერ ვნახავთ.

დემოკრატიის სიმწიფე და ევროპული ტიპის კანონის უზენაესობა არის ევროპული ინტეგრაციის წინაპირობა. „ქართული ოცნება“ ისევ და ისევ ვერ ადასტურებს, რომ შეუძლია, დააკმაყოფილოს ეს პირობები.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქართულ პოლიტიკურ ძალას, დაიწყონ ხიდების მშენებლობა ნორმალური დემოკრატიული პოლიტიკური დიალოგის უზრუნველსაყოფად, დაუბრუნდნენ პროევროპულ რეფორმების გზას და ფოკუსირება მოახდინონ ქვეყნის განვითარებაში ძალიან საჭირო პროგრესის მიღწევაზე, ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ არ დაკარგოს უკვე მიღწეული შედეგები.

ჩვენი მხრივ მზად ვართ, გავაგრძელოთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა, მაგრამ ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ამ გზაზე წარმატება მხოლოდ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის და ყველა პროევროპული პოლიტიკური ძალის ერთობლივი და თანმიმდევრული ძალისხმევით იქნება შესაძლებელი, რათა განახორციელონ ხალხის ძლიერი სურვილი, საქართველო იხილონ ევროკავშირში“, - აღნიშნულია განცხადებაში.