ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს

შსს ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, შესაძლებელია, გაფართოვდეს ბრალდებულთა წრე.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის - თორნიკე მარსაგიშვილის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორმა ბრალდებულმა - ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ დაგეგმეს ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი.

„მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან ჩაუსაფრდნენ ნ.კ.-ს და განზრახვის აღსრულების მიზნით, ა.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნ.კ.-ის მიმართულებით 10-ზე მეტჯერ გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან, გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შეტყობინების მიღებისთანავე, ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფმა, ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად, დეტალურად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, აიღეს სხვადასხვა კვალი, ასევე, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღის მასრები და სხვადასხვა ნივთი. საქმეზე დაიკითხა ათობით მოწმე, მათ შორის დანაშაულის უშუალო თვითმხილველები, გარდაცვლილის მეგობრები, ნაცნობები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები“, - აღნიშნა თორნიკე მარსაგიშვილმა.

მისივე თქმით, ​ჩვენებებისა და საქმის დეტალების ანალიზის საფუძველზე, დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობისა და დანაშაულის მოტივის დასადგენად დაისახა რამდენიმე საგამოძიებო ვერსია, რომელთა გადასამოწმებლად, ინტენსიურად ჩატარდა ყველა საჭირო ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიება.

„ოპერატიულმა ჯგუფმა უმოკლეს დროში მიაკვლია იმ ავტომანქანას, რომლითაც ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის დროს გადაადგილდებოდნენ. აღნიშნული ავტომობილი დაათვალიერეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა და ამოიღეს საქმისათვის მნიშვნელოვანი კვლები. დადგინდა ავტომანქანის მფლობელიც და მისი ჩვენების საფუძველზე, დანაშაულის ერთ-ერთი მონაწილის - გ.კ.-ის ვინაობა. ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფის მიერ ინტენსიურ რეჟიმში განხორციელებული თანმიმდევრული და კვალიფიციური მუშაობის შედეგად დადგინდა დანაშაულის ჩამდენი - უშუალოდ მსროლელი პირის - ა.ჭ.-ის ვინაობაც. სამართალდამცველები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობდნენ მუშაობას ყველა იმ მტკიცებულების მოპოვების მიზნით, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდნენ ბრალდებულების მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას“, - განაცხადა თორნიკე მარსაგიშვილმა.

მისივე თქმით, გამოძიებამ მოიპოვა ბრალდებულთა გადაადგილების ამსახველი ვიდეოსამეთვალყურეოკამერების ათობით ჩანაწერი.

„გაიჩხრიკა ათამდე საცხოვრებელი ბინა და სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის გ.კ.-ის მაღაზია, სადაც ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოიცვალეს სისხლიანი ტანსაცმელი, რაც ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული. საქმეზე ამოღებულ ნივთმტკიცებებზეჩატარდა დაქტილოსკოპიური, ოდოროლოგიური, ბალისტიკური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიურიექსპერტიზები, რომელთა დასკვნების შედეგად დადგინდა, რომ გ.კ.-ის მაღაზიიდან ამოღებულ ა.ჭ.-ის ტანსაცმელზე აღმოჩნდა დენთის კვალი, ხოლო მასზე არსებული სისხლის ლაქები ეკუთვნის გარდაცვლილ ნ.კ.-ს. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ორივე პირს საქართველოს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით, დაუსწრებლად წარუდგინა და მათზე ძებნა გამოცხადდა. ძებნილ ბრალდებულთა დასაკავებლად ორიენტირებული იყო ყველა ოპერატიული დანაყოფი. სამართალდამცველებმა, ძებნაში მყოფი ბრალდებულების ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, უწყვეტ რეჟიმში გააგრძელეს მუშაობა. ჩატარდა არაერთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, დაიკითხა ათობით მოწმე, დადგინდა იმ პირების ვინაობა, ვისთანაც შესაძლოა, კავშირი ჰქონოდათ ბრალდებულებს, ასევე, დადგინდა ყველა ის ადგილი, სადაც ბრალდებულები დროებით თავს აფარებდნენ, გამოვლინდა ყველა ავტომობილი და მათი მძღოლების ვინაობა, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ“, - აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა.

თორნიკე მარსაგიშვილის განცხადებით, ბრალდებულები, სამართალდამცველებისთვის კვალის არევის მიზნით, პერიოდულად იცვლიდნენ ტანსაცმელს, ავტომანქანებსა და თავშესაფარ ადგილებს, რაც ართულებდა მათი ადგილმდებარეობის დროულად დადგენასა და დაკავებას.

„2021 წლის 7 ოქტომბერს, სამართალდამცველებმა, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიულიდა სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ორივე ძებნილი პირი წყნეთში დააკავეს. პოლიციამ დაადგინა ის საცხოვრებელი სახლი, სადაც ბრალდებულები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავს აფარებდნენ. ორივე ბრალდებულმა დაკავებისას მიმალვა სცადა, თუმცა, აქტიური დევნის შედეგად, ისინი დააკავეს. ბრალდებულთა პირადი ჩხრეკისას ამოღებულია დანები, ხოლო მათ ხელბარგში ნანახია მათი კუთვნილი საქართველოს მოქალაქის პასპორტები, ტანსაცმელი და სხვა პირადი ნივთები. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და, შესაძლებელია, გაფართოვდეს ბრალდებულთა წრე“, - აღნიშნა თორნიკე მარსაგიშვილმა.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.