ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ერთი მცირეწლოვანი გამოიყვანეს, სხვა მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებენ

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან ბავშვი გამოიყვანეს. მცირეწლოვანი ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვა მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში. ნანგრევებში მოჰყვა კორპუსის წინ მდგარი ათამდე მანქანაც.

კორპუსი 26 მაისის ქუჩაზე ჩამოინგრა ჩამოინგრა. შემთხვევა დაახლოებით 12 საათზე მოხდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში გადაყვანილია ორი ბავშვი. მათ შორის ერთ-ერთი წლის და სამი თვის არის.

დაშავებულის მამის ინფორმაციით, სახლზე სამშენებლო სამუშაო მიმდინარეობდა.

„ბავშვი კარგად არის, ფეხი აქვს დაზიანებული. მანქანაში ბავშვთან ერთად მეც ვიყავი. დაახლოებით ნახევარი საათი ვიყავით ასე. პირველ სართულზე სახლს ანგრევდნენ, აფეთქების ხმა ნამდვილად არ იყო“, - აცხადებს გიზო ქავთარაძე.

ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მედიკოსების განმარტებით, ის კონტაქტურია და კვლევები უტარდება.

„ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს ამ ეტაპზე, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში კვლევები უტარდება. მისი მდგომარეობა სტაბილურია, აქვს ზედაპირული დაზიანებები, წვივის მოტეხილობა. მიმდინარეობს შემდგომი კვლევა“, - აცხადებს კლინიკის ხელმძღვანელი თამარ ბახტაძე.