ბათუმში, მაშველების მიერ ამოყვანილი ქალის ორი შვილი ნანგრევების ქვეშაა

მაშველებმა ნანგრევებიდან მცირეწლოვნების ამოყვანას ცდილობენ. ისინი იმ ქალის შვილები არიან, რომელიც ნანგრევებიდან ცოტა ხნის წინ ამიოყვანეს.

ბათუმში, სახლის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა.

„მიმდინარეობს რეანიმაციული აქტივობა. ვიკვლევთ პაციენტს, სავარაუდოდ აქვს ორივე ქვედა კიდურის მენჯის ძვლების მოტეხილობა. ჩატარდა კვლევა და ველოდებით პასუხს“, - განაცხადა რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა თამარ მხატვარმა, რომლის კომენტარს ტელეკომპანიები ავრცელებენ.

ნანგრევებიდან ამოყვანილი 35 წლის ინგა მეკეიძის ქმრის, რამაზ დავლაძის განცხადებით კი, ნანგრევების ქვეშ მათი 1 და 9 წლის შვილები რჩებიან.

დავლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მეუღლე შეუძლოდაა და მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.

მაშველებმა დღის განმავლობაში მცირეწლოვანიც ამოიყვანეს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შს მინისტრი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად გაზის აფეთქებას 90%-ით გამორიცხავს. ვახტანგ გომელაურმა, რომელიც ბათუმში ჩავიდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩანაწერები ნახეს სამართალდამცველებმა და სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ აფეთქება საყრდენი კედლის გამოცლას უნდა გამოეწვია, რომელიც თავის მხრივ, შესაძლოა, სამშენებლო სამუშაოს უკავშირდებოდეს.

მინისტრის ინფორმაციით, დაახლოებით 5 სართულია ჩამონგრეული, ნანგრევებში სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი, ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ არის. სამართალდამცველებს ეს ცნობა დაკარგულების ახლობლების გამოკითხვებზე დაყრდნობით აქვთ. ამასთან, მინისტრის თქმით, ორ ადამიანთან პოლიცია სატელეფონო კონტაქტზე გავიდა, თუმცა ისინი ზუსტ მდებარეობას ვერ ასახელებენ.