ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რიგ ოლქებში გადათვლის პროცესი ხმაურის და კონკურენტი პარტიების წარმომადგენელთა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ამ მხრივ, გვიან ღამით, ეპიცენტრი იყო ზუგდიდი და მე-11 მაჟორიტარული ოლქი, სადაც ხელახლა გადათვლამ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არსებული სურათი, „ქართული ოცნების“ კანდიდატის გამარჯვების გამოვლენამ შეცვალა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა, მისი კანდიდატის მანუჩარ ფიფიას ნაცვლად კი, გამარჯვებული „ქართული ოცნების“ კანდიდატი სოსო გოგოხია გახდა.
საჩივრების განხილვა დასრულდა მცხეთაშიც, სადაც მე-18 უბნის თავმჯდომარეს, რეგისტრატორს და მთვლელს დისციპლინური პასუხისმგებლობა, გაფრთხილებაც დაეკისრათ. Europetime ამ დროისთვის არსებულ ცნობებს მცხეთისა და ზუგდიდის მაგალითზე წარმოგიდგენთ.
მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა დასრულდა
მე-18 უბნის თავმჯდომარეს, რეგისტრატორს და მთვლელს დისციპლინური პასუხისმგებლობა, გაფრთხილება დაეკისრათ. კომისიის თავმჯდომარე რობერტ აზარაშვილმა განაცხადა, რომ გადათვლის შემდეგ რეგისტრატორის მექანიკური შეცდომაა აღმოჩენილი და გასწორებულია.
„იყო საჩივრები, განვიხილეთ, საჩივარში მოთხოვნილი იყო, რომ გაგვეხსნა, შესაბამისად, გავხსენით მაჟორიტარულიც, პროპორციულიც და ამასთანავე გაიხსნა სამაგიდო სიებიც.
გამოვლინდა და დავადგინეთ კიდევაც, რომ ერთ რეგისტრატორს სამჯერ ჰქონდა ხელი მოწერილი და როდესაც ბიულეტენი გასცა ამომრჩეველზე, ამომრჩეველს არ მოაწერინა ხელი. კომისიურად ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება. ჩვენ დღეს გადავთვალეთ უბნის შედეგები და დავადგინეთ, რა მოხდა“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, ბიულეტენების რაოდენობასა და ხელმოწერებს შორის არსებული შეუსაბამობა საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად უბნის შედეგების გაბათილებას ექვემდებარება, თუმცა კომისიამ საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო, რასაც სასამართლოში გაასაჩივრებენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის“ წარმომადგენელმა კომისიის გადაწყვეტილება „თვალში ნაცრის შეყრად“ შეაფასა. მან განაცხადა, რომ არსებობს ეჭვი, ამ უბანზე კარუსელი განხორციელდა.
ზუგდიდის საოლქო კომისიაში, მე-11 მაჟორიტარული ოლქის ბიულეტენების გადათვლისას შედეგები შეიცვალა და გამარჯვებული „ქართული ოცნების“ კანდიდატი გახდა
მე-11 მაჟორიტარული ოლქის 53-ე, 54-ე, 57-ე და 58-ე უბნების ბათილი ბიულეტენების გადათვლის შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ 12, „გახარია - საქართველოსთვის“ 2 და „ნაციონალურ მოძრაობას“ 1 ხმა დაემატა.
ხმების გადათვლამდე, ამ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი 2 ხმის უპირატესობით პირველივე ტურში იგებდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ბიულეტენების ხელახლა გადათვლას უსაფუძვლოს უწოდებდნენ და პარალელურად ყველა უბნის გადათვლას მოითხოვდნენ.
ანა წითლიძის თქმით, ოლქში, რომელიც გახსნეს, კონვერტები იყო გახსნილი და ლუქი ახსნილი. ის პროკურატურისთვის მიმართვას გეგმავს.
ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი, ოპოზიციური პარტიის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ გამჭვირვალე იყო პროცესი, რომელსაც მედიის წარმომადგენლები, ასევე დამკვირვებლებიც ესწრებოდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმები „მალულად გადათვალეს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პირველივე ტურში გამარჯვებული მაჟორიტარი დამარცხებულად გამოაცხადეს.
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა დაპირისპირების ფონზე გვიან ღამემდე გაგრძელდა.
საბოლოო ჯამში, ხელახლა დათვლის შედეგად, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვა.
ამ პროცესამდე, „ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდში მაჟორიტარული სისტემით 9 კანდიდატი ჰყავდა გამარჯვებული, რასაც ერთი გამოაკლდა და ახლა „ქართული ოცნება“ 5-ის ნაცვლად 6 გამარჯვებული კანდიდატით არის წარმოდგენილი.
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდში ხმების 43.16%, „ქართულმა ოცნებამ“ 40.06% და პარტიამ „გახარია-საქართველოსთვის“ 10.64% მიიღეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 15 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა პირველივე ტურში 40%-იანი ბარიერის გადალახვით 8 ოლქში, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა კი 6-ში გაიმარჯვეს.
რაც იმას ნიშნავს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 45-წევრიან საკრებულოში 22 ან 23 მანდატი „ნაციონალურ მოძრაობას“, 19 ან 20 - „ქართულ ოცნებას“ ექნება. საკრებულოში 3 წევრი პარტიას „გახარია-საქართველოსთვის“ ეყოლება.
„ნაციონალური მოძრაობის და „ქართული ოცნების“ საბოლოო შედეგი დამოკიდებული იქნება მეორე ტურზე, რომელიც მაჟორიტარი კანდიდატის ასარჩევად ზუგდიდის მე-4 ოლქში გაიმართება.
ცნობისთვის, მეორე ტური ზუგდიდის თვითმმართველი თემის მერის ასარჩევადაც გაიმართება.
მეორე ტურში მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ანზორ მელია და „ქართული ოცნების“ კანდიდატი მამუკა წოწერია მიიღებენ. ოპოზიციონერი კანდიდატი მმართველი პარტიის წარმომადგენელს დაახლოებით 5%-ით უსწრებს. მას 46.88%, აქვს, მამუკა წოწერიას კი – 41.15%.
პროპორციულ ნაწილში შედეგი ასეთია:
ქართული ოცნება - 46.65%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 30.7%;
გახარია-საქართველოსთვის - 7.79%
საია - ველით, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია გადათვლის სადავო უბნებს
ორგანიზაცია კენჭისყრას 10 მუნიციპალიტეტში (21 საარჩევნო ოლქში)[1] აკვირდებოდა. საარჩევნო დღის დასრულების და ხმის დათვლის პროცესის შემდგომ, საია-მ ამავე ოლქებში შემავალ უბნებზე შედგენილი შემაჯამებელი ოქმები შეისწავლა. შედეგად, კენჭისყრის დღეს და შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე, საია-მ სამართლებრივი რეაგირება ჯამში 350-ზე მეტ შემთხვევაზე მოახდინა.
მათგან: საუბნო საარჩევნო კომისიებში წარადგინა 34 საჩივარი; კენჭისყრის შენობის პერიმეტრთან დაფიქსირებულ დარღვევებზე შსს-ს სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზნით მიმართა 23 შემთხვევაში; საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის პროცედურების და ხმის დათვლის დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე მიმართა 60-მდე შემთხვევაში; შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე საჩივრები წარადგინა 250-მდე შემთხვევაში. ამათგან, სხვადასხვა მონაცემის ხელახალი გადათვლა მოითხოვა 230-ზე მეტ უბანთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, ცესკოს ვებგვერდზე მითითებულია, რომ მონაცემები ეტაპობრივად განახლდება საჩივრების განხილვის და უბნების გადათვლის შედეგების შესაბამისად.