მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ჟურნალისტებს მარია რესასა და დიმიტრი მურატოვს გადაეცათ. BBC-ს ცნობით, ნობელის კომიტეტში აცხადებენ, რომ ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა გადაწყვიტა 2021 წლის ნობელის პრემია მათთვის მიენიჭებინა გამოხატვის თავისუფლების დაცვის ძალისხმევისთვის, რაც დემოკრატიისა და ხანგრძლივი მშვიდობის წინაპირობაა. ნობელის კომიტეტში აღნიშნავენ, რომ მარია რესა გამოხატვის თავისუფლების უშიშარი დამცველია.
მარია რესა გამოხატვის თავისუფლებას მშობლიურ ქვეყანაში, ფილიპინებში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ძალადობის და მზარდი ავტორიტარიზმის მხილებისთვის იყენებს.
დიმიტრი მურატოვი რუსეთში სიტყვის თავისუფლებას ათწლეულების განმავლობაში იცავს. 1993 წელს ის დამოუკიდებელი გაზეთი „ნოვაია გაზეტას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო.
ამასთან, ამერიკის ხმის ცნობით, 2021 წლის ნობელის პრემია ლიტერატურაში, წარმოშობით ტანზანიელმა მწერალმა აბდურაზა გურნამ აიღო.
„კოლონიალიზმის შედეგების და ლტოლვილების ბედის უკომპრომისოდ და თანაგრძნობით, სიღრმისეულად აღწერისთვის“, - ნათქვამია შვედეთის ნობელის კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
72 წლის მწერალმა აფრიკის კონტინენტი გასული საუკუნის 60-იან წლებში დატოვა. მაშინ ზანზიბარში, სადაც ის იზრდებოდა, არაბები მკაცრად იდევნებოდნენ.
ზანზიბარში დაბრუნების საშუალება გურნას მხოლოდ 1984 წელს მიეცა, როცა მან მამა სიკვდილის წინ მოინახულა. მის ათამდე ცნობილ რომანებს შორისაა „სამოთხე“ და „გაქცევა“. გურნა ახლა ბრიტანეთში ცხოვრობს და კენტის უნივერსიტეტის პროფესორია.