CIA-ს დირექტორი ჩინეთზე ორიენტირებულ ერთეულს ქმნის. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი ჩინეთის მთავრობას „სულ უფრო მტრულად განწყობილს“ უწოდებს და მას მთავარ გეოპოლიტიკურ საფრთხედ განიხილავს. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს არ სურს „ახალი ცივი ომი“, მაგრამ ძირითადად ინარჩუნებს მკაცრ პოლიტიკას ჩინეთის მიმართ.
ვაშინგტონის განმარტებით, ჩინეთის მისიის ცენტრი საფრთხეებთან გამკლავებას შეუწყობს ხელს.
„დანაყოფი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს კოლექტიურ სამუშაოს ყველაზე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ საფრთხესთან მიმართებით, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ 21 -ე საუკუნეში", - განაცხადა ბერნსმა.
შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტო ასევე ქმნის ტრანსნაციონალური და ტექნოლოგიური მისიების ცენტრებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩინეთის 148 სამხედრო თვითმფრინავი ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა, რაზეც აშშ-მ ღრმა შეშფოთება გამოხატა და აღნიშნა, რომ ეს ქმედებები ტაივანის სრუტეში მშვიდობას ძირს უთხრის. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პეკინს ტაივანზე სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
მანამდე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტაივანი ჩინეთს ეკუთვნის და აშშ-მ უპასუხისმგებლო განცხადებები არ უნდა გააკეთოს.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჯეიკ სალივანმა აღნიშნა, რომ აშშ ახლა მოქმედებას აპირებს, რათა თავიდან აიცილოს სამხედრო ქმედებები. ამის შესახებ მან ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა აშშ მზად ტაივანის დასაცავად.