ჩეხეთის მილიარდერი პრემიერ-მინისტრი პოსტზე დარჩენას მეორე ვადით ცდილობს

ჩეხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მილიარდერი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში პოსტზე დარჩენას მეორე ვადით ცდილობს. იტყობინება Reuters-ი.

ბრიტანული სააგენტო წერს, რომ პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა მეორე ვადა მოითხოვა კრიტიკის მიუხედავად, რომ მან პანდემია არასწორად მართა, გაზარდა ეროვნული ვალი და იყენებს საკუთარ ბიზნეს ინტერესებს.

წინასწარი გამოკითხვები ბაბიშის უპირატესობაზე მიუთითებს, თუმცა ვარაუდობენ, რომ მისი პარტია „ანო“ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს. ორი პროდასავლური კოალიცია მის კონკურეტნად მოიაზრება, თუმცა პარლამენტში, სავარაუდოდ შევლენ ნაციონალისტები და კომუნისტებიც.

მილიარდერმა ბიზნესმენმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს საჯარო სექტორში ხელფასებისა და პენსიების ზრდას.

2017 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ბაბიშის პარტიამ პირველი ადგილი დაიკავა, როდესაც 30%-მდე მიიღო, ქვეყნის ყველაზე მსხვილმა „სოციალ-დემოკრატების“ პარტიამ კი ხმების მხოლოდ 7% მოიპოვა.

უცხოური მედია წერს, რომ ბაბიშს „ჩეხ ტრამპსაც“ უწოდებენ, პოლიტიკაში ბიზნესიდან წასვლის გამო. მან 2011 წელს დააფუძნა პოპულისტური მოძრაობა ANO (ჩეხურად ნიშნავს - დიახ) აბრევიატურის განმარტება კი ასეთია: „უკმაყოფილო მოქალაქეთა მოძრაობა".

ბაბიში ევროკავშირის კრიტიკითაც გამოირჩევა. აშშ-ის საარჩევნო კამპანიის დროს კი აცხადებდა, რომ ამერიკისთვის იდეალური პრეზიდენტი დონალდ ტრამპოის ნაცვლად ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი იქნებოდა. მისი კიდევ ერთი მეტსახელია - „ბაბისკონი“, რაც სილვიო ბერლუსკონისთან მის მსგავსებას უკავშირდება.

ოპონენტები ანდრეი ბაბიშს საბჭოთა უშიშროების (КГБ) აგენტს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ის ჩეხოსლოვაკიის უშიშროების კომიტეტის StB-ის ინფორმატორი და თანამშრომელი იყო. მის ბიზნეს-წარმატებებს კი, 1980-იან წლებში შეძენილ კავშირებს და მოგვიანებით გაჩენილ ნაცნობებს უკავშირებენ. კერძოდ, 2001 წლიდან ანდრეი ბაბიშს ჩეხეთის მოქმედ პრეზიდენტთან, მილოშ ზემანთან დაახლოებულ პირად მოიხსენიებდნენ. პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს ბაბიში 2017 წელს, გადასახადების დამალვასთან და ევროკავშირის სუბსიდიების მითვისებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს. ბოლო ბრალდებები მის მიმართ „პანდორას დოკუმენტებიდან“ ცოტა ხნის წინ გაისმა.

რაც შეეხება ჩეხეთის პრეზიდენტს, ის ავადმყოფობის გამო თითქმის ერთი თვეა, არ გამოჩენილა საჯარო ღონისძიებებზე.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, 77 წლის მილოშ ზემანი ხმის მისაცემად პრაღის ერთ-ერთ სკოლაში აპირებდა მისვლას, მაგრამ მკურნალი ექიმის რეკომენდაციით, ის ხმას თავის რეზიდენციაში, გადასატანი ყუთის საშუალებით მისცემს.

ცნობისთვის, Forbes-ის თანახმად, ბაბიშის ქონება $3.4 მილიარდს შეადგენს.

ის ფლობს დიდ ჩეხური კომპანია Agrofert-ს (აგროქიმიური კომპლექსი) რომელიც დაახლოებით 200-მდე ევროპულ ფირმას აერთიანებს. ასევე ფლობს მედიაჰოლდინგს Mafra Media Group-ი.