ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან კაცი ამოიყვანეს, ის კონტაქტურია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან, დაახლოებით. 9-საათიანი სამძებრო სამუშაოს შემდეგ კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს.

კაცი კონტაქტურია.

სამძებრო-სამაშველო სამუშაო გრძელდება. მანამდე მაშველებმა ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, ის კლინიკაშია გადაყვანილი. მის შვილებს ნანგრევების ქვეშ ისევ ეძებენ.

რამდენიმე საათის წინ, ნანგრევებში მოყოლილი კორპუსის წინ მდგარი მანქანიდან მაშველებმა ბავშვი გამოიყვანეს.

ექიმების თქმით, მას მცირე მოტეხილობები და ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება.

შს მინისტრის ინფორმაციით, ნანგრევებში 10-დან 15-მდე ადამიანი მოჰყვა. აქედან ორი ადამიანი პოლიციასთან კონტაქტზე გავიდა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მრავალსართულიანი შენობის ნაწილი ჩამოინგრა.

მაშველები ნანგრევებში მოყოლილ მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებენ.

ამ კორპუსში დაახლოებით 200-მდე ადამიანი ცხოვრობს, ჩამონგრეულ ნაწილში კი, დაახლოებით 15 ოჯახი.

ადგილზე მყოფი შს მინისტრის ინფორმაციით, ნგრევა სავარაუდოდ, საყრდენი კედლის გამოცლამ გამოიწვია, გაზის აფეთქება კი 90%-ით გამორიცხულია.