საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს. პრეზიდენტის ტექსტი ადმინისტრაციამ გაავრცელა.
"ვდგავარ იმ ადამიანებისა და ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ.
თანავუგრძნობ მათ და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში.
მადლობა თითოეულ მაშველს ამ თავდადებული და დაუღალავი შრომისთვის.
ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის, და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება", - ნათქვამია განცხადებაში.
ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი 12-საათიანი სამძებრო სამუშაოს შემდეგ ნახეს. მანამდე, მაშველებმა ორი ადამიანი, ჯერ ქალი და შემდეგ კაცი ამოიყვანეს.
35 წლის ქალი, რომლის მცირეწლოვან შვილებსაც ამ დრომდე ეძებენ, საავადმყოფოშია, მას გზაში გული გაუჩერდა, მოგვიანებით კი გული აუმუშავეს და მას ოპერაცია უტარდება. წინასაწარი ცნობით, მას კიდურები აქვს მოტეხილი. რაც შეეხება კაცს, ამოყვანისას ის კონტაქტური იყო. ექიმები მის მდგომარეობასაც მძიმედ აფასებენ.
შს მინისტრის ინფორმაციით, ნანგრევებში 10-დან 15-მდე ადამიანი მოჰყვა. აქედან ორი ადამიანი პოლიციასთან კონტაქტზე გავიდა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მრავალსართულიანი შენობის ნაწილი ჩამოინგრა.
მაშველები ნანგრევებში მოყოლილ მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებენ.
ამ კორპუსში დაახლოებით 200-მდე ადამიანი ცხოვრობს, ჩამონგრეულ ნაწილში კი, დაახლოებით 15 ოჯახი.
ადგილზე მყოფი შს მინისტრის ინფორმაციით, ნგრევა სავარაუდოდ, საყრდენი კედლის გამოცლამ გამოიწვია, გაზის აფეთქება კი 90%-ით გამორიცხულია.