ინგა მეკეიძე, რომელიც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ორ შვილთან ერთად მოჰყვა ნანგრევებში, კლინიკაში გარდაიცვალა. მთელი ღამის განმავლობაში, მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, ქალს გული რამდენჯერმე გაუჩერდა.
გამთენიისას ნანგრევებიდან მისი შვილების - 1 და 9 წლის ბავშვების ცხედრები ამოასვენეს მაშველებმა. დაღუპულთა შორის არის ახალგაზრდა ქალის მაზლიც.
ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა წუხელ, სულ 5 გარდაცვლილი ამოიყვანეს. ორი კაცი, ორი ბავშვი და ერთი ქალი.
მანამდე კლინიკაში გადაყვანილი იყო ორი ადამიანი, მათ შორის ახალგაზრდა ქალი, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. სამაშველო სამუშაო 8 ოქტომბრის დღის 12 საათიდან მიმდინარეობს.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე დააკავა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ბათუმში, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ნანგრევებში 3 ადამიანს ეძებენ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ორი პირი დაიქირავა.
ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.
ამავე თემაზე:
ბათუმში, ნანგრევებიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს