უნდა იყოს თუ არა კოვიდვაქცინით აცრა გარკვეული ჯგუფებისთვის სავალდებულო, სპეციალისტები განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებენ. დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის ემხრობა ინიციატივას, ექიმებისა და პედაგოგებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს.
ამირან გამყრელიძეს ჯანდაცვის სამინისტროსგან განსხვავებული პოზიცია აქვს.
„მე და თქვენ ყოველთვის ერთ პოზიციაზე ვართ?! ეს არის ამირან გამყრელიძის პირადი მოსაზრება, რომელიც ამირან გამყრელიძის მიერ მართული, ქვეყნის სერიოზული ინსტიტუციის შიგნით იხილება. მე ახალ ველოსიპედს არ ვიგონებ, ვიმეორებ იმას, რაც ბევრმა ქვეყანამ უკვე გააკეთა. მომხრე ვარ ქვეყანაში გარკვეული ჯგუფებისთვის აცრა იყოს სავალდებულო, მაგრამ საბჭოზე ვაქცინაციის მანდატორიზმის საკითხი ჯერ არ განიხილება“, - დაამატა გამყრელიძე.
მოდის თუ არა წინააღმდეგობაში აცრების სავალდებულოობა ადამიანის უფლებებთან, NCDC-ის ხელმძღვანელი პასუხობს, რომ პანდემიის პირობებში - არა.
ასევე წაიკითხეთ: 15 ოქტომბრიდან „იმუნიზაციის მარათონები“ დაიწყება
„იურისპრუდენციაში ძალიან კარგად ვერკვევი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის მეხუთე მუხლით ეს ადამიანის უფლებების დარღვევა არ არის. როდესაც პანდემიაა შეგვიძლია გარკვეული მანდატორიზმი შემოვიღოთ. ეს შეიძლება არ დაემთხვეს სხვების მოსაზრებას, მაგრამ მე ამას არ ვმალავ, ვაჟღერებ.
ყველაზე დიდი საერთაშორისო დოკუმენტი ადამიანის უფლებების შესახებ გაეროს დეკლარაციაა, სადაც ერთ-ერთი პირველი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებაა. ამიტომ როდესაც სავალდებულოობის საკითხი დგება, ყოველთვის ბჭობაა მოვდივართ თუ არა წინააღმდეგობაში ადამიანის უფლებებთან მიმართებით. ერთიანი აზრი ამაზე არასდროსაა. ამიტომ სანამ მანდატორიზმზე გადავალთ ყველაფერი უნდა ვცადოთ, ამიტომ ახლა წარმოგიდგინეთ ორი ინიციატივა, რასაც ვაპირებთ, შემდეგ ვნახოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ 5 ოქტომბერს საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ 7 ოქტომბერს, იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უთხრა ჟურნალისტებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო ვერ იქნება, თუმცა შესაძლოა, ეპიდუსაფრთხოებიდან გამომდინარე, ბიზნესგარემოში დაწესდეს გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც არჩევანის შესაძლებლობას მოიცავს.
„მინდა, კარგად ავხსნათ, რას შეიძლება ნიშნავდეს გარკვეული მოთხოვნების დაყენება აცრის ვალდებულებასთან მიმართებით. აცრა არის სამედიცინო ინტერვენცია - სავალდებულო სამედიცინო ინტერვენცია ვერანაირი პირობით ვერ იქნება. თუმცა, მოთხოვნები შეიძლება, დაწესდეს ბიზნესგარემოში გარკვეული ეპიდუსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე.
შესაძლოა, ბიზნესგარემოში მოვითხოვოთ ვაქცინირებული პირის ყოფნა, ან პირის ყოფნა, რომელსაც გარკვეული პერიოდულობით ჩატარებული აქვს PCR ტესტი და ნამდვილად ვიცით, რომ ის არ არის ინფიცირებული, ასევე გადატანილი მდგომარეობა. ეს სამი პირობაა და ამ პირობიდან არჩევანის გაკეთება არის მნიშვნელოვანი. ბიზნესგარემოში შეიძლება, ეს მოთხოვნები დავაწესოთ, რაც თავის თავში მოიცავს არჩევანისა და თავისუფალი გადაწყვეტილების უფლებას, თუ რა სამედიცინო ჩარევას ჩავიტარებ მე - იქნება ეს ვაქცინაცია, ტესტირება, თუ თუნდაც, პირბადის გამოყენება.
ცალსახაა ის, რომ ადამიანს უფლება აქვს, თავად მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება სამედიცინო ინტერვენციის შესახებ. მეორე მხარეა, რა გარემოში რა მოთხოვნებს დავაყენებთ ეპიდუსაფრთხოებასთან მიმართებით. ეს მოთხოვნები აუცილებლად თავის თავში უნდა მოიცავდეს არჩევანის უფლებასა და შესაძლებლობას. კერძო სექტორი იქნება, თუ გარკვეულ სახელმწიფო უწყებებში, ჩვენ, რაღაც ეტაპზე, დავაყენებთ იმ მოთხოვნას, რაც დღესაც კეთდება“, - მიიჩნევს თამარ გაბუნია.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი თვლის, რომ თუ ქვეყანამ მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ვერ მიაღწია 20 ათას აცრილს ერთი დღის განმავლობაში, მაშინ პრიორიტეტულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაციის რეკომენდაციის განხილვ აუცილებელი გახდება. ამის შესახებ ივანე ჩხაიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ დღეისთვის ეს საკითხი არ განხილულა და სავალდებულო ვაქცინაცია გარკვეულ ჯგუფებში სარეზერვო გეგმაა.
„თუ შედეგს მივიღებთ, ძალიან კარგია, არ დაგვჭირდება სავალდებულო ვაქცინაციაზე ფიქრი. 20 ათასის ქვემოთ ჩვენთვის ყველაფერი მცირეა. მინიმუმ 20 ათასი (აცრა დღეში) არის ის რიცხვი, რომელიც წლის ბოლოს მოგვცემს საშუალებას ვთქვათ, რომ საქართველომ მიაღწია პანდემიის კონტროლს. ეს არ არის საბოლოო სამიზნე. ჩვენი საბოლოო სამიზნე, კორონავირუსის დელტა ვარიანტის გათვალისწინებით, არის მოზრდილი მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია. ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც ძალიან ბევრმა ქვეყანამ უკვე გადალახა და ის რიცხვი, რომლისკენაც ყველა ის ქვეყანა მიისწრაფვის, სადაც დელტა ვარიანტი არის დომინანტური. ჩვენც ამ ქვეყნების რიცხვს მივეკუთვნებით“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
„ეს არ არის ვაქცინაციის ჩავარდნა. საზოგადოებას ვაქცინის წარმოების დაწყების პირველი დღიდან და მისი დანერგვის შემდეგ ის საკმარისი ინფორმაცია, რომელიც მათ უნდა ჰქონოდათ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ 8 ოქტომბერს.
„აცრის რიცხვი დაკლებულია, რაც ძალიან სამწუხაროა. სახეზე გვაქვს მასშტაბური კლება. საბჭოს დამატებითი სხდომა გვაქვს ჩანიშნული, რომელშიც მონაწილეობას ქვეყნის მასშტაბით მოქმედი გუბერნატორები და მერები მიიღებენ.
მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების გააქტიურება მოხდეს. ვინაიდან მხოლოდ სამინისტრო თავისი არსებული რესურსით რეგიონებს საკმარის ინფორმაციას ვერ აწვდის. ჩვენ მათ დღეს მივაწვდით ინფორმაციას თითოეული რეგიონის ჭრილში, ასევე სოფლის დონეზე ვაქცინაციის პროცესზე და შემდეგ უკვე ერთობლივად უნდა გაიმართოს ყველა ის საველე სამუშაო, რომლის ფარგლებში ვაქცინაცია რეგიონებში მოიმატებს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
გუშინ ასევე დაადასტურა მინისტრმა, რომ Astrazeneca-ს გარკვეული დოზები აუთვისებელი დარჩება. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მსოფლიო მასშტაბით, არაერთი პრობლემა შეიქმნა Astrazeneca-სთან დაკავშირებით.
„საქართველოში მოხდა ლეტალობის ერთი შემთხვევაც, რომელიც საკმაოდ გახმაურებული იყო და ამან ვაქცინის პოპულარობაზე იმოქმედა. დაიკლო ჩვენი მოქალაქეების ნდობამ ვაქცინის მიმართ, შესაბამისად, იკლო მასზე მოთხოვნამ.
სახელმწიფომ ეს ყველაფერი გაითვალისწინა და დამატებითი დოზები არ შეგვიძენია, თუმცა COVAX პლატფორმიდან მიღებული ის რაოდენობა, რომელიც უკვე შეძენილი გვქონდა, მაქსიმალურად ავითვისეთ. ამდენად, იმ ვაქცინებმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მეტად პოპულარული იყო, გამოიწვია ის, რომ Astrazeneca-ს გარკვეული დოზები აუთვისებელი დარჩა“, - დაამატა ეკატერინე ტიკარაძემ.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით 2 884 ადამიანი დაინფიცირდა, 29 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
9 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 862 753 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 998 444 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.1%. სრულად ვაქცინირებულია 864 309 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 30.3 %.
8 ოქტომბერს აიცრა 9 457 ადამიანი.
ამავე თემაზე
სამედიცინო პერსონალში აცრილებს შორის ყველაზე მეტი, ექიმია