ბათუმში, საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

ბათუმში დღეს დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ამასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს განცხადება ვრცელდება.

„ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს ბათუმში დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

საკოორდინაციო საბჭოს 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მატჩზე მაყურებლის 33%-ის დაშვების შესახებ, ძალადაკარგულად გამოცხადდა.

მაყურებელს ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება. მატჩზე დასწრებას შეძლებს მხოლოდ საბერძნეთის დელეგაცია, რომელიც უკვე ბათუმში იმყოფება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები“, - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევას სულ 8 ადამიანი ემსხვერპლა.

ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა წუხელ, სულ 5 გარდაცვლილი ამოიყვანეს. ორი კაცი, ორი ბავშვი და ერთი ქალი.

ინგა მეკეიძე, რომელიც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ორ შვილთან ერთად მოჰყვა ნანგრევებში, კლინიკაში გარდაიცვალა.

გამთენიისას ნანგრევებიდან მისი შვილების - 1 და 9 წლის ბავშვების ცხედრები ამოასვენეს მაშველებმა. დაღუპულთა შორის არის ახალგაზრდა ქალის მაზლიც. მძიმეა კიდევ ერთი კაცის მდგომარეობა.

სამაშველო სამუშაო 8 ოქტომბრის დღის 12 საათიდან მიმდინარეობს.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ორი პირი დაიქირავა.

ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

„როდესაც სამაშველო ოპერაცია დასრულდება, ექსპერტები შეისწავლიან ფუნდამენტს და ნახავენ, კონკრეტულად რა დაზიანდა და რამ გამოიწვია ეს უბედური შემთხვევა. გამომძიებელი და პოლიციელი ვერ გეტყვით, სახლის ჩამონგრევა დაშენებამ გამოიწვია თუ პირველ სართულზე არასწორმა სარემონტო სამუშაოებმა. ეს უნდა თქვან სპეციალისტებმა. რაც შეეხება ზოგადად დაშენებებს, სამწუხაროდ, ეს 90-იანი წლების უბედურებაა და ეს არამხოლოდ ბათუმს, არამედ თბილისსაც ეხება. ამ პრობლემისთვის საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე ყველა ხელისუფლებას უნდა მიეხედა, თუმცა ბოლო წლებში თბილისში მიშენებები აღარ განხორციელებულა. სამწუხაროდ, დაშენება ამ კორპუსზე 15 წლის წინ განხორციელდა. არ გაგიჭირდებათ შესაბამისი ნებართვების მოძიება და იმის შემოწმება, თუ როდის გაიცა ეს ნებართვები“, - განუცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს.