უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატ ვიქტორ მედვედჩუკს, კრემლთან დაახლოებულ დეპუტატს და ოლიგარქს, სახელმწიფოს ღალატსა და აღმოსავლეთის ორ პროვინციაში სეპარატისტების მხარდაჭერაში წაუყენეს ბრალი. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იტყობინება.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ Facebook-ზე თავის გვერდზე განაცხადა, რომ მედვედჩუკი ეჭვმიტანილია სეპარატისტული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან“ „ქვანახშირის პროდუქციის მიწოდების დანაშაულებრივი სქემის“ რეალიზაციაში 2014 წლის ბოლოდან 2015 წლის დასაწყისამდე პერიოდში.
რადიო თავისუფლების ცნობით, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე შეამოწმებს უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მედვედჩუკის წინააღმდეგ ახალი საქმის ფარგლებში.
მიმდინარე წლის მაისში მედვედჩუკი შინაპატიმრობაში მოათავსეს. სექტემბერში მას შინაპატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივეს.
მედვედჩუკი უმაღლეს რადაში ხელმძღვანელობს ოპოზიციურ პლატფორმას „სიცოცხლისთვის“, რომელიც პარლამენტში სიდიდით მეორე პარტიაა. ის ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.