სახალხო დამცველი: ბათუმში მომხდარმა საზარელმა ფაქტმა ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ამ ფაქტმა ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება.

მისი თქმით, თითოეული მოქალაქის ვალია, არ იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი ინტერესებით, რაც რისკის ქვეშ დააყენებს მასაც და გარშემო მყოფებსაც.

„სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლითა ოჯახებს!

ბათუმში მომხდარმა საზარელმა ფაქტმა ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება, უკანონო მშენებლობების აღმოფხვრა და ზედამხედველობა, ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

ჯერჯერობით უცნობია ამ დიდი ტრაგედიის მიზეზები, რომელიც შესაძლოა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დაუდევრობას გამოეწვია. სწორედ ამიტომ, თითოეული მოქალაქის ვალია, სიფრთხილე გამოიჩინოს და არ იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი ინტერესებით, რაც რისკის ქვეშ დააყენებს მასაც და გარშემო მყოფებსაც.

იმედს გამოვთქვამ, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად წარიმართება.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულ პირებს გამოჯანმრთელებას და გამძლეობას ვუსურვებ!

აქვე მინდა მადლობა გადავუხდო მაშველებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად - თქვენ გმირულ საქმეს აკეთებთ!“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ცნობისთვის, ბათუმში, ტრაგედიის დროს 8 პირი გარდაიცვალა, მათგან 4, ერთი ოჯახის წევრია. მძიმე ერთი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა. ნანგრევეში კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.

ამავე თემაზე

11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღეა