საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ ჯონსონის სამძიმრის წერილი მიიღო.
„ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმად დამამწუხრა ბათუმში საცხოვრებელი შენობის დანგრევის შესახებ ინფორმაციამ, რომელსაც სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და რამდენიმე ისევ იძებნება. ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის სახელით, ღრმა სამძიმარს და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ მსხვერპლთა ოჯახებს და ქართველ ხალხს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია ალბერტ ჯონსონის სამძიმარში.
საქართველოში ისრაელის საელჩო ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო მწუხარებას გამოთქვამს. შესაბამისი განცხადება საელჩოს Facebook-ზე გამოქვეყნდა.
„ისრაელის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და სრულიად საქართველოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამერიკის შეერთებული შტატები ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს თანაგრძნობას უცხადებს. შესაბამისი განცხადება საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.
„გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს. ჩვენი საელჩოს საზოგადოებას მუდამ ემახსოვრება დაშავებულები, დაკარგულები და დაღუპულები.
მივესალმებით მაშველებს, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად და მეტი ადამიანის დასახმარებლად დაუღალავად მუშაობენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
შვედეთის საელჩო ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნობს და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„ძალიან ვწუხვართ და თანაგრძნობას ვუცხადებთ ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენი ფიქრები, პირველ რიგში, მათთანა, იმ ოჯახებთან, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები. ვიმედოვნებთ, რომ დაშავებულები მალე გამოჯანმრთელდებიან და ვუსურვებთ გამძლეობას მამაც მაშველებს მიმდინარე საქმიანობაში", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
სამძიმრის წერილს ავრცელებს ბრიტანეთის საელჩოც.
"შეძრწუნებულები ვართ ბათუმში მომხდარი ტრაგედიით, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს. გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს. ქედს ვიხრით ყველა იმ ადამიანის ძალისხმევის წინაშე, რომლებიც ამ წუთებამდე მუშაობენ ტრაგედიის ადგილზე", - აღნიშულია ბრიტანეთის საელჩოს ტექსტში.
მწუხარებას უერთდება საფრანგეთიც. ელჩი დოეგო კოლასი დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს, მაშველებს კი თავდადებულ მუშაობისთვის მადლობას უხდის.
ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მწუხარებას გამოხატავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი.
„პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო! ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ ბათუმში საცხოვრებელი ბინის ჩამონგრევის შესახებ, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი. ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სამძიმარს გიცხადებთ პირადად თქვენ, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, მთელს საქართველოს მოსახლეობას, ხოლო დაშავებულებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას”, - ნათქვამია ალი ასადოვის სამძიმრის წერილში.
თანაგრძნობა გამოხატა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშიანიანმა.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით, რასაც ადამიანების გარდაცვალება მოჰყვა. გთხოვთ გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ჩემი სამძიმარი. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - ნათქვამია ფაშინიანის მიმართვაში.
ცნობისთვის, ბათუმში, ტრაგედიის დროს 8 პირი გარდაიცვალა, მათგან 4, ერთი ოჯახის წევრია. მძიმე ერთი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა. ნანგრევეში კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.