ამ დროისთვის, კორპუსის ნანგრევებში ერთ დაკარგულს ეძებენ, გარდაცვლილია 8 ადამიანი, ერთის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევას სულ 8 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ. 26 მაისის ქუჩაზე, ბოლოს მაშველებმა კიდევ ორი ადამიანი, დედა-შვილი ამოასვენეს, მანამდე, სულ სამი ადამიანის ძებნა გრძელდებოდა.

ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა წუხელ, სულ 5 გარდაცვლილი ამოიყვანეს. ორი კაცი, ორი ბავშვი და ერთი ქალი.

ინგა მეკეიძე, რომელიც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ორ შვილთან ერთად მოჰყვა ნანგრევებში, კლინიკაში გარდაიცვალა.

გამთენიისას ნანგრევებიდან მისი შვილების - 1 და 9 წლის ბავშვების ცხედრები ამოასვენეს მაშველებმა. დაღუპულთა შორის არის ახალგაზრდა ქალის მაზლიც. მძიმეა კიდევ ერთი კაცის მდგომარეობა.

სამაშველო სამუშაო 8 ოქტომბრის დღის 12 საათიდან მიმდინარეობს.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ორი პირი დაიქირავა.

ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

„როდესაც სამაშველო ოპერაცია დასრულდება, ექსპერტები შეისწავლიან ფუნდამენტს და ნახავენ, კონკრეტულად რა დაზიანდა და რამ გამოიწვია ეს უბედური შემთხვევა. გამომძიებელი და პოლიციელი ვერ გეტყვით, სახლის ჩამონგრევა დაშენებამ გამოიწვია თუ პირველ სართულზე არასწორმა სარემონტო სამუშაოებმა. ეს უნდა თქვან სპეციალისტებმა. რაც შეეხება ზოგადად დაშენებებს, სამწუხაროდ, ეს 90-იანი წლების უბედურებაა და ეს არამხოლოდ ბათუმს, არამედ თბილისსაც ეხება. ამ პრობლემისთვის საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე ყველა ხელისუფლებას უნდა მიეხედა, თუმცა ბოლო წლებში თბილისში მიშენებები აღარ განხორციელებულა. სამწუხაროდ, დაშენება ამ კორპუსზე 15 წლის წინ განხორციელდა. არ გაგიჭირდებათ შესაბამისი ნებართვების მოძიება და იმის შემოწმება, თუ როდის გაიცა ეს ნებართვები“, - განუცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ გაუცია მშენებლობის ნებართვა ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში სამუშაოსთან დაკავშირებით. უწყების განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მხოლოდ არეგისტრირებს საკუთრების უფლებას უძრავ ნივთზე.

„2021 წლის 4 ოქტომბერს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მომართა ზაურ ბუდაგოვმა და მოითხოვა ბათუმში 26 მაისის ქუჩა, N 13, (სარდაფი) უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. განაცხადს თან ერთვოდა ნოტარიულად დამოწმებული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 100%-იანი კრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერდა ამხანაგობის თავმჯდომარე. ასევე, განაცხადს თან ერთვოდა სარდაფის აზომვითი ნახაზი და ზაურ ბუდაგოვის საკუთრებაში არსებული ბინის N1 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კანონით გათვალისწინებულ ოთხი სამუშაო დღის ვადაში მიიღო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, ვინაიდან მოთხოვნილი იყო უძრავი ქონების ცვლილების რეგისტრაცია და არ იყო წარმოდგენილი ბინისა და სარდაფის ერთიანი აზომვითი ნახაზი.

განვმარტავთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ დარღვეულა განაცხადის განხილვისთვის კანონით დადგენილი ვადა“, - აცხადებენ უწყებაში.