„ჩვენ არ გვაკავშირებს მეგობრობა, მაგრამ არ შეიძლება რომ მე არ ვაღიარო მისი გადაწყვეტილების და ნაბიჯის სიმტკიცე და ამ ნაბიჯის მნიშვნელობა საათობრივად იზრდება“, - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილზე საუბრისას.
„მე არასდროს ვყოფილვარ სააკაშვილის ან მეგობარი, ან მისი პოლიტიკის გამზიარებელი, ყოველთვის ჩვენ ვიყავით მოწინააღმდეგე ბანაკებში. მაშინაც კი, როდესაც ის აღარ იყო პრეზიდენტი და მე ვიყავი პრეზიდენტი, სააკაშვილს არც ერთხელ ჩემს მიმართ სიტყვა არ მოუზომია იმ ფონზე, რომ მე არც ერთხელ როგორც პრეზიდენტს მისთვის არ მიპასუხია.
ჩვენ არ გვაკავშირებს მეგობრობა, მაგრამ არ შეიძლება რომ მე არ ვაღიარო მისი გადაწყვეტილების და ნაბიჯის სიმტკიცე და ამ ნაბიჯის მნიშვნელობა საათობრივად იზრდება. ეს არის ის, რაც უნდა გაიაზროს ამ ჯგუფმა, რომელსაც დღეს მმართველობის სადავეები ხელში უკავია. მათ უნდა იცოდნენ, რომ სააკაშვილი ციხეში, არ არის არანაირი პრობლემის გადაწყვეტა მათთვის ... ამ ხელისუფლების პირობებში, ამ ხელისუფლებასთან მიმართებით სააკაშვილი ვერ იქნება ბრალდებული, - განაცხადა მარგველაშვილმა.
„ქართული ოცნება" რას მოიმოქმედებს, ძნელი სათქმელია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ ოპოზიციის ძალა გაიზრდება ამ არჩევნების მეორე ტურის შედეგად, შედეგი უნდა იყოს, რომ სააკაშვილის ბედზე უნდა შედგეს პოლიტიკური კონსენსუსი, იმიტომ, რომ ეს უკვე პოლიტიკური საქმეა, ეს არ არის სამართლებრივი საქმე. ქართული სასამართლო ვერ აწევს ამ საქმეს, თუნდაც რეპუტაციით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „ტვპირველის“ ეთერში.
პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა.
მანამდე, პირველ ოქტომბერს, დილით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.