ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ ისევ კრიტიკულია, თუმცა შედარებით გაუმჯობესდა.
ექიმების ცნობით, ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოხსნეს, თავისით სუნთქავს და უკვე კონტაქტურია.
„მედცენტრის“ დირექტორის მედეა ქაჯაიას თქმით, პაციენტი ჯერ ისევ რეანიმაციაში რჩება და მისი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, მაგრამ - სტაბილური.
ბათუმში კორპუსის ნაგრევებიდან ცოცხალი მხოლოდ ორი ადამიანი გამოიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი ქალი იყო, რომელიც გამოყვანიდან 2 საათში დაიღუპა. 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან, ახალგაზრდა მამაკაცი ერთადერთია ვინც ცოცხალი გადარჩა და ამ დრომდე სიცოცხლისთვის იბრძვის.
8 ოქტომბერს, ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა. ნგრევაში 15 საცხოვრებელი ბინა მოჰყვა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.