პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ თავმჯდომარის, ელენე ხოშტარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასა და ფოტომასალას, რომლის მიხედვითაც დიდუბეში, ბათილად ჩათვლილ ბიულეტენებს შორის, აღმოჩნდა მთაწმინდის ოლქის 20 ცალი ბიულეტენი, ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებით გამოეხმაურა.
„დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიაში არსებულ საარჩევნო ბიულეტენებთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ საჯარო პირები, საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეები. კერძოდ: თითქოს დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიაში აღმოჩნდა მთაწმინდის ოლქის ბიულეტენები. ჯერ კიდევ კენჭისყრის დღეს 2 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია სტამბის წუნის მქონე ბიულეტენებთან დაკავშირებით, როდესაც სტამბას შეერია დიდუბისა და მთაწმინდის ოლქების ბიულეტენები. იმისათვის, რომ კენჭისყრის პროცესი არ შეჩერებულიყო, დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიამ, იმსჯელა და განკარგულებით მიიღო გადაწყვეტილება ერთგვაროვანი ბიულეტენი (ანუ მერის ნაწილში) ჩათვლილიყო დიდუბის ბიულეტენად. აღნიშნულის შესახებ, რა თქმა უნდა ინფორმაციას ფლობდა ოლქის ყველა კომისიის წევრი“.
ცესკო მოუწოდებს ყველას, „იმისათვის, რომ საარჩევნო გარემომ შეინარჩუნოს სიმშვიდე და პროცესები კვლავაც გამჭვირვალედ წარიმართოს“, თავი შეკავონ გადაუმოწმებელი და არასწორი მონაცემების გავრცელებისგან.