ბათუმში, კორპუსის ნგრევის საქმეზე სამ დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

ბათუმში, კორპუსის ნგრევის საქმეზე დაკავებულ 3 პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით წარუდგინეს, რაც გულისხმობს სამშენებლო წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 3 ბავშვია. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა.

8 ოქტომბერს, ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა. ნგრევაში 15 საცხოვრებელი ბინა მოჰყვა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.