ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასარი პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესს სამივე დაკავებული, ბინის მეპატრონე ზაურ ბუდატოვი და მის მიერ დაქირავებული ორი მუშა, მამა-შვილი ხუსეინ და გიორგი სურმანიძეები ესწრებოდნენ.

პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის განცხადებით, 8 ოქტომბერს მუშებმა შესაძლო საფრთხის შესახებ უკვე იცოდნენ, თუმცა მათ შენობა ისე დატოვეს და კორპუსის მოსახლეობა არ გაუფრთხილებიათ.

"გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ 8 ოქტომბერს, როცა დილის საათებში ბრალდებულები აღნიშნულ ფართში სამუშაოს გასაგრძელებლად მივიდნენ, შენიშნეს, რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული. სცადეს აღნიშნული კედლების გამაგრება რკინის კონსტრუქციებით, თუმცა, შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი. აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ მოცემულ სახლებში განხორციელდა ე.წ. საყრდენი კედლების დემონტაჟის სამუშაოები, დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებით და ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებით," - განაცხადა პროკურორმა.

ბრალდებულთა ადვოკატების თქმით, ექსპერტიზის დასკვნამდე ბრალდებულების დაპატიმრება უკანონოა. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ.

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, სამი ბავშვია. გადარჩა მცირეწლოვანი, რომელიც იქვე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან გადმოიყვანეს მაშველებმა ცოცხლად კიდევ ორი ადამიანი ამოიყვანეს, მათგან ერთის, 37 წლის კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ქალი კი, რომლის ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრებიც იპოვეს, ტრაგედიის მეორე დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა. სამძებრო სამაშველო სამუშაო 29 საათის განმავლობაში გრძელდებოდა