BBC: პოლონელები მასობრივი საპროტესტო აქციებით უჭერენ მხარს ევროკავშირს, შიშის ფონზე, რომ ქვეყანას შეუძლია, ბლოკი დატოვოს

პოლონელებმა, რომლებიც მხარს უჭერენ ევროკავშირის წევრობას, მონაწილეობა მიიღეს საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, შიშის ფონზე, რომ ქვეყანას შეუძლია, ბლოკი დატოვოს.

პროტესტის მონაწილეები უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ შეიკრიბნენ, რომლის თანახმად ევროკავშირის ძირითადი კანონები „შეუთავსებელია“ პოლონეთის კონსტიტუციასთან. BBC წერს, რომ საპროტესტო აქციები 100 -მდე ქალაქში გაიმართა, 100,000 ადამიანი დედაქალაქ ვარშავაში შეიკრიბა.

ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია შეშფოთება ევროკავშირიდან პოლონეთის შესაძლო გასვლის თაობაზე, მაგრამ მთავრობამ მსგავსი განზრახვა უარყო. ეს იყო პირველი შემთხვევა ევროკავშირის 27-წევრიანი ბლოკის ისტორიაში, როდესაც წევრი სახელმწიფოს ლიდერმა, ეჭვქვეშ დააყენა ევროკავშირთან ხელშეკრულებები.

„სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომელიც გასულ ხუთშაბათს გახდა ცნობილი, ფაქტობრივად უარყო ძირითადი პრინციპი, რომ ევროკავშირის კანონმდებლობა უპირატესია ეროვნულ კანონმდებლობაზე. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ევროკავშირის კანონის უზენაესობისათვის დღემდე.

პოლონეთის პრემიერ მინისტრმა, მათეუს მორავიცკიმ დაიცვა გადაწყვეტილება და თქვა, რომ მმართველ პარტიას არ ჰქონდა გეგმები იმასთან დაკავშირებით, რასაც ზოგი Polexit-ს უწოდებს.

„ეს არის მითი, რომელსაც ოპოზიცია იყენებს“, - დაწერა პრემიერმა Facebook-ზე, ევროკავშირის მხარდამჭერი აქციების შემდეგ.

ევროკავშირის შიდა ბაზრის საკითხების კომისიის ხელმძღვანელმა ტიერი ბრეტონმა განაცხადა, რომ მას ერთი წამითაც არ სჯერა Polexit-ის.

მისი თქმით, კომისია, რომელიც შეიმუშავებს წინადადებებს ევროკავშირის ახალი კანონებისათვის, გააანალიზებს გადაწყვეტილებას მის მიღებამდე. კომისიამ ადრე გააფრთხილა, პოლონეთი, რომ გამოიყენებს მთელ ძალას პოლონეთის ევროკავშირის კანონებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

„გამოკითხვები პოლონელ ამომრჩევლებს შორის ევროკავშირის წევრობის მტკიცე მხარდაჭერას აჩვენებს.

დედაქალაქში გამართულნ აქციაზე, დონალდ ტუსკმა, ევროპის საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ახლა ოპოზიციური პარტიის, „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერმა, მოუწოდა ხალხს, "დაიცვან ევროპული პოლონეთი".

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ „ღრმად შეშფოთებულია გადაწყვეტილებით“ და მოუწოდა პოლონეთს, დაიცვას ევროკავშირის სამართლებრივი წესრიგისთვის საჭირო პრინციპები.

პოლონეთის მემარჯვენე პოპულისტური მთავრობა სულ უფრო და უფრო ეწინააღმდეგება ევროკომისიას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ლგბტ უფლებები და სასამართლოს დამოუკიდებლობა. კომისიას ჯერ არ დაუმტკიცებია პოლონეთისთვის 57 მილიარდი ევროს (50 მილიარდი ფუნტი; 66 მილიარდი აშშ დოლარი) ოდენობის გეგმა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის კრიზისის დაძლევას ითვალისწინებს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ მთავრობა იყენებს გადაწყვეტილებას, როგორც ბერკეტს შეთანხმების მისაღწევად“, - წერს BBC.