მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე პროკურატურამ საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა გაასაჯაროვა

მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე პროკურატურამ საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა გაასაჯაროვა.

პროკურატურის ცნობით, უცხოელი სპეციალისტების შეფასებით, ვალერი გელაშვილის ცემის, გაფლანგვისა და "ტელეიმედის" საქმეებზე მტკიცებულებები საკმარისი იყო მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად.

პროკურორის განცხადებით, ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე ექსპერტების რანგში მოწვეულები იყვნენ არა ერთი ქვეყნის გავლენიანი პირები.

"წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც საფუძველი გახდა მიხეილ სააკაშვილის ბრალდებისთვის, ეს მტკიცებულებები გადაეცათ მოწვეულ ექსპერტებს, მათ დეტალურად შეისწავლეს და დასკვნაში ერთხმად ჩამოაყალიბეს, რომ საქმეში არსებული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებიდან მტკიცებულებები საკმარისია იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გაგრძლედეს სისხლის სამართლებრივი დევნა. დასკვნაში ასე აღნიშნულია, რომ საქმე მაღალპროფესიონალურ დონეზეა გამოძიებული ადგილობრივი საგამოძიებო ორგანოების მხრიდან,"- განმარტავს პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს თბილისში, ქვიშხეთის ქუჩაზე დააკავეს.

ექსპრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია: ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის საქმეში. ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ექპრეზიდენტის ბრალდებებს ახალი ბრალდება - საქართველოს საზღვრის უაკნონოდ დარღვევა დაემატა.