რუსთავის ციხესთან საქართველოს ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია სლოგანით „გაათავისუფლე მიშა“ მიმდინარეობს.
პროტესტის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. აქცია პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, საიდანაც ავტოკოლონებით გადაინაცვლეს რუსთავის ციხისკენ.
დღეს მდუმარე აქცია იმართება. ორგანიზატორების თქმით, ქვეყანაში გლოვის დღესთან დაკავშირებით, სიტყვით გამოსვლები არ იქნება.
პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა.
მანამდე, პირველ ოქტომბერს, დილით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.