„ნაციონალური მოძრაობის“ წევრისა და მისი მეუღლის მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლანჩხუთში ნაციონალური მოძრაობის წევრსა და მის ცოლზე ძალადობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, ლანჩხუთში, თავის თანაკლასელს, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს - გ.ც.-სა და მის მეუღლეს - ი.ზ.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ორი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ტექსტში.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.