ბრიტანეთის მოქალაქის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და ძარცვის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ

საქართველოს პროკურატურამ, გორში, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ტ.კ.-ს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის და ძარცვის ფაქტზე ბრალდება ოთხ დაკავებულს (რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს), განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კი ბრალი ერთ პირს წარედგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, ბრალდებულებმა დიდი ბრიტანეთის მოქალაქის - ტ.კ.-ს გაძარცვა გადაწყვიტეს და ეს განზრახვა კიდევ ერთ პირს გაანდეს, რომელმაც დანაშაულში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

იმავე დღეს, გორში, რკინიგზის სადგურის მახლობლად, ღამის საათებში, გ.ბ., ზ.ფ., გ.ქ. და გ.ო., მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, ტ.კ.-ს მობილურ ტელეფონს და პლასტიკურ ბარათს დაეუფლნენ. ჩადენილი დანაშაულის დასაფარად, ბრალდებულებმა გონებადაკარგული ტ.კ. მდინარე მტკვარში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

„მომხდარის შესახებ ზ.ფ.-მ, გ.ქ.-მ, გ.ო.-მ და გ.ბ.-მ ისევ აცნობეს ვ.ო.-ს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად იცოდა მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე, ასევე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

ვ.ო.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 5 პირი გუშინ დააკავა.