NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს და აცხადებს, რომ მას ვერცერთი მესამე ქვეყანა ვეტოს ვერ დაადებს.
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს მოუწოდებს, საქართველოსა და უკრაინის მიმართ NATO-ს მხარდაჭერა გააძლიერონ, დააჩქარონ მათი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, სოლიდარობა გამოუცხადონ საქართველოსა და უკრაინას ერთობლივი წვრთნებითა და პრაქტიკული მხარდაჭერით და გააგრძელონ რუსეთის მიერ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ნაწილების დროებითი ოკუპაციისა და უკანონო ანექსიის დაგმობა, მათ შორის NATO-რუსეთის საბჭოში.
რეზოლუაციაში „რუსეთის გამოწვევაზე NATO-ს ფოკუსირების შენარჩუნება“, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას გმობს. მიესალმება ყირიმის პლატფორმის შექმნას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის კონტროლის აღდგენას ამ ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით.
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/„სამხრეთ ოსეთის“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და ეთნიკური დისკრიმინაციის გამო, ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელების აუცილებლობასა და იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უფლებას, თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ.
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მუდმივ ძალისხმევას ამ ქვეყნების დესტაბილიზაციის მიზნით, მათი ევროპული და/ან ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაყვანისა და უგუნური და უპასუხისმგებლო ესკალაციის წახალისებას“, - ნათქვამია რეზოლუციაში.