ბირთვული წყალქვეშა ნავების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის მიყიდვის მცდელობისთვის აშშ-ში წყვილი დააკავეს

ამერიკის საზღვაო ძალების ბირთვულ ინჟინერსა და მის მეუღლეს გამოძიების ფედერალური ბიუროს ფარული აგენტებისთვის, ბირთვული წყალქვეშა ნავების შესახებ ინფორმაციის მიყიდვის მცდელობის გამო ბრალი წაუყენეს. FBI-ის აგენტები თავს უცხო ქვეყნის წარმომადგენლებად ასაღებდნენ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„ოპერაცია დასავლეთ ვირჯინიაში FBI-მ და საზღვაო კრიმინალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩაატარა მას შემდეგ, რაც წყვილმა თითქოს გაყიდა ინფორმაცია ბირთვული ენერგიის ამერიკული სამხედრო გემების დიზაინის შესახებ იმ პირებზე, რომლებსაც უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლებად თვლიდნენ, მაგრამ სინამდვილეში, ისინი FBI-ს ფარული აგენტები იყვნენ, ” - ნათქვამია იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

დაკავებულები დასავლეთ ვირჯინიის ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგებიან.

იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ჯონათან ტოებე, რომელსაც საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჰქონდა, უცნობ ქვეყანაში საიდუმლო მონაცემებს გზავნიდა.

„ტოებემ მეხსიერების ბარათი, რომელზეც წყალქვეშა ნავების ბირთვული რეაქტორების შესახებ დოკუმენტები იყო დატანილი, მიწის თხილის კარაქის სენდვიჩში დამალა და ერთ-ერთ შეთანხმებულ ადგილზე დატოვა. ანალოგიური ბარათი საღეჭი რეზინის ყუთში დამალა. კიდევ ერთი მეხსიერების ბარათის დატოვების მცდელობისას კი წყვილი, რომელიც ანაპოლისიდან არის, დააკავეს“, - აღნიშნულია იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციაში.