ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გუშინ 17 ათასამდე „პი სი არ“ და სწრაფი ტესტი ჩატარდა.
ამის შესახებ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„გუშინ იყო პირველი დღე, როდესაც დავიწყეთ გაფართოებული ტესტირება ანტიგენ ტესტებით. ანტიგენით ტესტირებულთა შორის დადასტურდა 1 400 შემთხვევა. ამ ტესტირებას ექვემდებარებიან ისეთი პირები, ვისაც აქვთ სიმპტომები და ტესტი არის მაღალი ხარისხის. ოჯახის ექიმის რჩევით, მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და გაიკეთოს ტესტი. იზრდება იმ პოლიკლინიკების რაოდენობა, რომლებიც პროგრამაში არიან ჩართულნი. დადასტურებული პირები უნდა დარჩნენ ბინაზე, მათ დაუკავშირდებათ ოჯახის ექიმი. პაციენტები ანტიგენის ტესტით სწრაფად იღებენ პასუხს. 17 ათასამდე ავიდა ანტიგენის და პისიარ ტესტის რაოდენობა გუშინ, ეს არის რეკორდული მაჩვენებელი“, - განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 152 704-ს.