კოვიდვაქცინის გამაძლიერებელი დოზებით აცრა ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება

კოვიდვაქცინის გამაძლიერებელი დოზების გაკეთება ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

ე.წ. ბუსტერ დოზა კეთდება მეორედ ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ და ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, მათ შორის ორგანოგადანერგილ ადამიანებს.

„ეს ასევე შეეხებათ სამედიცინო პერსონალს და დახურულ დაწესებულებებში მყოფებ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მესამე დოზით აცრა შესაძლებელია ჩატარდეს: Pfizer-ით, Sinopharm-ით, Sinovac-ით, Astrazeneca-ს ვაქცინით აცრილებს კი შეუძლიათ, Pfizer-ის მესამე დოზით აიცრან.

დამატებითი დოზებით აცრა დაიშვება რაც საზღვარგარეთ წასვლის მსურველთათვის, რაც ითვალისწინებს ჩინური ვაქცინებით აცრილთა ვაქცინაციას Pfizer-ის ვაქცინით, 28 დღის შემდეგ.

მსურველებმა ვაქცინაციის დაწესებულებაში უნდა წარადგინონ დასაბუთების დოკუმენტი, თუ რატომ სურთ დამატებით აცრა.

გამაძლიერებელი დოზების შემთხვევაში, ვაქცინაცია შეიძლება, ჩატარდეს რეგისტრაციის გარეშე და რეგისტრაციითაც. სისტემა გაიმართება მესამე დოზაზე რეგისტრაციისთვის უკვე მომდევნო კვირისთვის.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს დასჭირდებათ, ვაქცინაციაზე წარადგინონ ექიმის ცნობა ან ფორმა-100.

„50 წლის ზემოთ პირებს რა თქმა უნდა, ცნობის წარდგენა არ სჭირდებათ. მათ შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ან რეგისტრაციის გარეშე აიცრან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება ეპიდვითარებას, მინისტრის მოადგილის თქმით, უჩეულოა დღევანდელი რიცხვები და ამას შეისწავლიან.

„ამას მეხუთე ტალღას ნამდვილად ვერ დავარქმევთ, რადგან მეოთხე ტალღიდან ვერ გამოვედით და არის გარკვეული მერყეობა, რაც უნდა მოგვარდეს იმ გზით, რომ დავუბრუნდეთ პირბადის აქტიურ გამოყენებას, სოციალური დისტანციის დაცვას და გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესი“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

12 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 882 118 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 002 488 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.3 %, სრულად ვაქცინირებულია 879 630 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 30.8 %.

11 ოქტომბერს აიცრა 6 817 ადამიანი.