პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილი  სამარტოო საკანში მხოლოდ საკუთარი სურვილით იმყოფება

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მიხეილ სააკაშვილი დაწესებულების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით სამარტოო საკანში იმყოფება.

„განვმარტავთ, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს დაწესებულებაში შესახლებისთანავე დაწესებულების ადმინისტრაციამ შესთავაზა თანამესაკნესთან ერთად ყოფნა, თუმცა მან კატეგორიული უარი განცხადა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე, საკანში მარტო მოთავსდა.

რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს, სააკაშვილის თანაგუნდელები მასთან შეხვედრას ვერ ახერხებენ, არის სიცრუე და ამას ადასტურებს თუნდაც დღის განმავლობაში მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილთან განხორცილებული არაერთი ვიზიტი, რომელიც მედიასაშუალებითაც შუქდება.

მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს რაც შეეხება, ის გარეშე პირის სტატუსით სააკაშვილთან შესახვედრად რამდენჯერმე უკვე იმყოფებოდა. ამიტომ მან პენიტენციურ სამსახურს ხელახალი ვიზიტის განსახორციელებლად ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად განცხადებით უნდა მიმართოს და დაასაბუთოს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა. დადგენილი წესის შესაბამისად, პენიტენციური სამსახური განიხილავს მის განცხადებას და პასუხს აცნობებს“, - აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა.

მანამდე, პირველ ოქტომბერს, დილით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.