საკოორდინაციო საბჭო „მწვანე პასპორტის“ სავალდებულოობას განიხილავს

„სხვადასხვა დაწესებულებაში „მწვანე პასპორტის“ შემოღების სავალდებულოობა განიხილება“, - განუცხადა მედიას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

NCDC-ის ხელმძღვანელი სახელმწიფო ბიზნესის მხრიდან ამ მიმართულებით ინიციატივებს მიესალმება.

„ზოგიერთ ქვეყანაში საჯარო დაწესებულებაში ვერ შეხვალ, თუ „მწვანე პასპორტი“ არ გაქვს, ანუ უნდა იყო ან ორჯერადად აცრილი ან PCR, ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა გქონდეთ, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდი უნდა გქონდეს გადატანილი.

ზოგიერთ ქვეყანაში სამასპინძლო დაწესებულებებში ვერ შეხვალთ „მწვანე პასპორტის“ გარეშე. ზოგ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით გადაადგილება იზღუდება. ჩვენც წარდგენილი გვაქვს ასეთი პაკეტი და საკოორდინაციო საბჭოზე ეს განიხილება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თუ ვაქცინაცია არსებული ტემპით გაგრძელდა, სამიზნე მაჩვენებელი ვერ მიიღწევა.

„საქმე ის არის, რომ ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, დეკემბრის ბოლომდე ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, თუმცა წლის ბოლომდე 3 თვეზე ნაკლები რჩება და სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 30%.

აცრის მაჩვენებელს არა უშავს, მაგრამ ეს ის არ არის, რაც გვინდა. ამ დროისთვის აცრის მაჩვენებელი სამიზნე ნიშნულის 50%-ია. თუ ამ ტემპით წავედით, სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვაქცინაციის წახალისების მიზნით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის წამახალისებელი ღონისძიებები განიხილება, რაც სასოფლო სამეურნეო სამუშაოებთანაა დაკავშირებული.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 4774 ადამიანს დაუდასტურდა, 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

12 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 882 118 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 002 488 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.3 %, სრულად ვაქცინირებულია 879 630 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 30.8 %. 11 ოქტომბერს აიცრა 6 817 ადამიანი.