საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის შემდგომი ეტაპი იწყება, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით განხორციელდება.
ონლაინ-შეხვედრაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ნიკ ბერესფორდი მონაწილეობდნენ.
„გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს დემოკრატიულ გარდაქმნებს საქართველოს საჯარო მმართველობაში. ჩვენი მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს რეფორმის ამბიციურ, თანმიმდევრულ და საზოგადოებისთვის გასაგებ სტრატეგიას, რომელიც ხელს შეუწყობს რეფორმის განხორცილებას საჯარო მმართველობის ყველა დონეზე, ეროვნული უწყებებიდან ადგილობრივ მუნიციპალიტეტებამდე“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა.
„საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გასული წლების განმავლობაში, თუმცა საჯარო მმართველობის რეფორმის ყველა სფეროში თანაბრად წარმატებული არ ყოფილა. რეფორმის ახალ ეტაპზე, გაეროს განვითარების პროგრამის დახმარების პრიორიტეტული სფეროები უცვლელი დარჩება - პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია, სახელმწიფო სერვისების მიწოდება და საჯარო სამსახურის რეფორმის გატარება“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა.
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2016 წლიდან ხელს უწყობენ საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას. ამ დახმარების შედეგად, საქართველომ შეძლო საჯარო მმართველობაში ერთიანი მიდგომების დანერგვა, მათ შორის, პოლიტიკის განვითარებისა და კოორდინაციის საკითხებში.
საქართველოს მთავრობა, ბრიტანეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, მუშაობს საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის ახალ სტრატეგიაზე, რომელმაც რეფორმის განხორციელება მომავალი წლების განმავლობაში უნდა განსაზღვროს.