ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

ევროსაბჭოს გენერალური მდივნანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის გამოგზავნილ წერილში დაშავებულებს გამოჯანმრთელებისას გამძლეობას და სულის სიმხნევეს უსურვებს.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო! ბათუმში შენობის ფატალური ნგრევის ფაქტმა და მისგან გამოწვეულმა ტრაგიკულმა ადამიანურმა მსხვერპლმა დიდი მწუხარება გამოიწვია ჩემში. ნება მიბოძეთ, ევროსაბჭოს სახელით ჩემი გულითადი სინანული გამოვთქვა და თანავუგრძნო ტრაგიკული მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს, ისევე როგორც მთელ ქართველ ხალხს. ასევე მსურს დაშავებულებს გამოჯანმრთელებისას გამძლეობა და სულის სიმხნევე ვუსურვო“, - ნათქვამია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის წერილში.

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, სამი ბავშვია. გადარჩა მცირეწლოვანი, რომელიც იქვე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან გადმოიყვანეს. მაშველებმა ცოცხლად კიდევ ორი ადამიანი ამოიყვანეს, მათგან ერთის, 37 წლის კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ქალი კი, რომლის ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრებიც იპოვეს, ტრაგედიის მეორე დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა. სამძებრო სამაშველო სამუშაო 29 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.