"ოსკარზე" საქართველოს კანდიდატი ფილმი ცნობილია! ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს სახელით იბრძოლებს ლევან კოღუაშვილის ფილმი "მეოთხე ბრაიტონი".
ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ქართველი მოჭიდავის – კახის ისტორია ეხება, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების ვალის გადახდაში დაეხმაროს. მთავარ როლს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატის ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს. ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც „მეოთხე ბრაიტონი“ მისთვის ბოლო ფილმი აღმოჩნდა.
საქართველოს კანდიდატი ფილმი სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრის საფუძველზე შეარჩია. კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: მერაბ ნინიძე, ნანა ჯორჯაძე, ნანა ექვთიმიშვილი, დეა კულუმბეგაშვილი, კონსტანტინე ჩლაიძე, გიორგი ოვაშვილი, რატი ონელი, ლევან კიტია, ვლადიმერ კაჭარავა, ალექსანდრე გაბელია, გიგიშა აბაშიძე, ია სუხიტაშვილი, ირაკლი სოლომანაშვილი, მარიამ ჭაჭია და თამთა გაბრიჩიძე.
ფილმი საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე შესარჩევი ფილმების კონკურსში იქნება წარდგენილი."მეოთხე ბრაიტონი" საქართველოს სახელით ასევე გაიგზვანება "ოქროს გლობუსზე"
წელს „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად სამი ქართული ფილმი იბრძოდა: „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ – რეჟისორი – ალექსანდრე კობერიძე; „პერსონა #2“ – რეჟისორი – ნინო ბასილია; „მეოთხე ბრაიტონი“ – რეჟისორი – ლევან კოღუაშვილი.
„მეოთხე ბრაიტონი“ ოთხი ქვეყნის თანამშრომლობით არის შექმნილი და მისი ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ იორკში, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. თანადამფინანსებელია საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.
ცოტა ხნის წინ, ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა (საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსი): საუკეთესო ფილმი; საუკეთესო სცენარი; საუკეთესო მსახიობი – ლევან თედიაშვილი.