მოსამართლის შეცვლის შემდეგ, 13 ოქტომბერს, კარტოგრაფების საქმის განხილვა განახლდება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის(GDI) ცნობით, 13 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში კარტოგრაფების საქმის განხილვა განახლდება.

GDI-ს ცნობით, შეიცვალა საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით საქმის არსებითი განხილვის ხელახლა დაწყების საფუძველია. სხდომას, რომელიც 13 ოქტომბერს 14:00 საათზეა ჩანიშნული, მოსამართლე ნინო ნაჭყებია გაუძღვება.

2020 წლის 7 ოქტომბერს სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალდების შინაარსს არ ეთანხმებიან, ამბობენ, რომ ის რუკები, რომელთა არ გამოყენებასაც მათ პროკურატურა ედავება, არასწორად არის შედგენილი და ბრალდების მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ.

კარტოგრაფები 2021 წლის 28 იანვარს, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. პროკურატურის თქმით, გამოიკვეთა, რომ ისინი ზემდგომის დავალებას ასრულებდნენ, ამიტომ კარტოგრაფების დაკავების საჭიროება არ არსებობს.