ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდა, 2014 წლის ზაფხულში დონბასის თავზე მალაიზიის სამგზავრო „ბოინგის“ ჩამოგდებისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობა შეასრულოს.
ამის შესახებ კიევში გამართულ უკრაინა-ევროკავშირის სამიტის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში ევროკავშირის ქვეყნებისა და უკრაინის ლიდერები მოსკოვს ასევე მოუწოდებენ, თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებელი პირები დაუყოვნებლივ დაისაჯონ.
სამიტის მონაწილეებმა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მოქმედებები დაგმეს და მინსკის შეთანხმებების შესრულება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
დონბასში შეიარაღებული კონფლიქტი უკვე 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობს. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიების ნაწილს სეპარატისტები აკონტროლებენ. უკრაინა და დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებენ მათ პირდაპირ მხარდაჭერაში. მოსკოვი ამას კატეგორიულად უარყოფს.
შარშან ზაფხულის შემდეგ კონფლიქტის ზონაში ფორმალურად მოქმედებს საზავო შეთანხმება, მაგრამ სროლა კვლავაც გრძელდება. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან, უკრაინის მხარის მონაცემებით, 45 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. არის მსხვერპლი სამოქალაქო პირებს შორისაც.
„მალაიზიის ავიახაზების“ „ბოინგმა“ (რეისი MH-17), რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში ასრულებდა რეისს, 2014 წლის 17 ივლისს განიცადა ავარია დონეცკის ოლქში. მასში მყოფი 298-ვე ადამიანი დაიღუპა.
საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის თანახმად, MH-17 ჩამოაგდეს რაკეტით, რომელიც რუსეთის კონტროლქვეშ მყოფმა სეპარატისტებმა ისროლეს. მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს ავიაკატასტროფასთან კავშირს.