ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერნა სულბერგმა მისი მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა. პრემიერმა მთავრობის გადადგომის შესახებ ნორვეგიის მონარქს, მეფეს ჰარალდ მეხუთეს მისწერა. ინფორმაციას Norway Today ავეყნებს.
მისი გადაწყვეტილების მიზეზი საპარლამენტო არჩევნების შედეგი გახდა. პრემიერი მიიჩნევს, რომ ახალი მთავრობა არჩევნებში გამარჯვებულმა „შრომის პარტიამ“ უნდა დააკომპლექტოს.
„2021 წლის 13 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობის ფორმირების საფუძველი გაჩნდა. ამიტომ მე დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ“, - განმარტა სულბერგმა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მონარქმა პრემიერ-მინისტრის რჩევა გაითვალისწინა, თუმცა სულბერგს სთხოვა, რომ დროებითი მთავრობის მინისტრთა კაბინეტს იქამდე უხელმძღვანელოს, ვიდრე ახალი მთავრობა საქმიანობის დასაწყებად მზად არ იქნება. მოსალოდნელია, რომ 14 ოქტომბერს გაირკვევა ვინ ჩაიბარებს მინისტრების პორტფელებს ახალ კაბინეტში.