რუსეთის მიერ ოკუპრებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში შეხვდა რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელს, ალექსანდრ ნერადკოს.
ასლან ბჟანიას განცხადებით, მოიძებნა პოტენციური ინვესტორი, სოხუმის აეროპორტის აღდგენისთვის. მისივე თქმით, საპროექტო და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია მზად იქნება მომავალი წლის შემოდგომისთვის, აეროპორტი კი, პირველ რეისების მიღებას 2024 წლის იანვრიდან შეძლებს.
2019 წლის ივლისში, დე ფაქტო მთავრობამ გადაწყვიტა სოხუმის აეროპორტი აღადგინოს საერთაშორისო ავიამიმოსვლისთვის. საოკუპაციო რეჟიმის ამ გადაწყვეტილების გამო, საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას(ICAO) მიმართა, სათანადოდ შეეფასებინა აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განზრახვა, სოხუმის აეროპორტი გახსნას საერთაშორისო ავიამიმოსვლისთვის. თავის მხრივ, ICAO-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სოხუმის აეროპორტი და მისი საჰაერო სივრცე საქართველოსია.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება უკვე არაერთი წელია ცდილობს რუსეთის მონაწილეობით სოხუმის აეროპორტის აღდგენას. 90-იანი წლების დასაწყისამდე სოხუმის აეროპორტი ავიარეისებს იღებდა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქიდან. აეროპორტი 1993 წელს, აფხაზეთის ომის შემდეგ დაიხურა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აეროპორტის ტერიტორიაზე დაეშვნენ თვითმფრინავები რუსი სამხედროებით.