ივერი მელაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე: ეცდებიან, დავით გარეჯის საქმე მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირონ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დავით გარეჯის საქმეზე სასამართლო სხდომები დღეიდან განახლდება.

როგორც სასამართლოში შესვლამდე საქმეში ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა განაცხადა, დღევანდლ პროცესზე ეცდებან დავით გარეჯის საქმე მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირონ, რადგან საქმე პოლიტიკურია და მისი გააქტიურება წინასაარჩევნო პერიოდში ხდება.

„საქმეზე საკმაოდ დიდხნიანი წყვეტა გვქონდა. დაახლოებით ივნისის შემდეგ სხდომა არ ყოფილა. სტრატეგია გვაქვს იგივე და აქ ეჭვგარეშეა, რომ აბსოლუტურად ყველა ბრალდება არის საფუძველს მოკლებული. განახლდება ახლა უკვე მოწმეთა გამოკითხვა. საერთოდ, ზოგადად არ ვარ გათვითცნობიერებული, ალბათ ხდება ასეთი სასამართლოთა ისტორიებში, რომ პროცედურულად რაღაც გადაიდოს. მართლაც და ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს, როდესაც დაგვაკავეს და საქმე აღიძრა, ახლაც წინასაარჩევნო პერიოდია და მაქვს საფუძველი, რომ ეს საქმე პოლიტიზირებულია.

თქვენ წარმოიდგინეთ, მე შეგნებულად არ მაქვს შეხება დემარკაციის საკითხებთან და ვერიდები, რამდენადაც ვიცი, პროკურატურას აქვს მეორე გამოძიება გამოცხადებული, შეგნებულად ვერიდები კონტაქტებს. ამიტომ, პრესიდან თუ რამე ვიცი, ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ რაიმე წინგადადგმული ნაბიჯები არ მომხდარა. რომ გითხრათ, რაიმე გარღვევა ყოფილიყო, ასეთი არ მომხდარა. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მე სამსახურებრივადაც ჩამოცილებული ვარ სფეროს. მცდელობა, რომ ექნებათ სააკაშვილის ამ საქმესთან დაკავშირების, ეს ეჭვგარეშეა და ეს მცდელობა თავიდანვე იყო. უნდოდათ, წინა ხელისუფლების ხელმძღვანელობაზე გასულიყვნენ, თითქოს რაღაც მოხდა. შესაძლოა, ჰქონდეთ მცდელობა, პრეზიდენტზე გავიდნენ, რომ წინა ხელისუფლების დროს მოხდა ტერიტორიების გადაცემა და ასე შემდეგ“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

დავით გარეჯის საქმეზე საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლე შეიცვალა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით საქმის არსებითი განხილვის ხელახლა დაწყების საფუძველია. სხდომას, რომელიც 13 ოქტომბერს 14:00 საათზეა ჩანიშნული, მოსამართლე ნინო ნაჭყებია გაუძღვება.

"მთავარი აქცენტი ამ გამოძიების არის ის, რომ დავალების გამცემი პირის მიმართულებით ხორციელდება აქტიური მოქმედებები. სწორედ ამ კონტექსტში ვახსენე, რომ აბსოლუტურად ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება, ყველა პირი გამოიკითხება, ვისაც შემხებლობა აქვს ამ საქმესთან და ეს შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილი,"- აცხადებს საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე.

2020 წლის 7 ოქტომბერს სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალდების შინაარსს არ ეთანხმებიან, ამბობენ, რომ ის რუკები, რომელთა არ გამოყენებასაც მათ პროკურატურა ედავება, არასწორად არის შედგენილი და ბრალდების მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ.

კარტოგრაფები 2021 წლის 28 იანვარს, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. პროკურატურის თქმით, გამოიკვეთა, რომ ისინი ზემდგომის დავალებას ასრულებდნენ, ამიტომ კარტოგრაფების დაკავების საჭიროება არ არსებობს.