მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმების ჯგუფი დააკვირდება

იუსტიციის სამინისტროს განცხადებიდან რამდენიმე საათში, ჯანდაცვის მინისტრმა და მისმა მოადგილემ იმ მედიკოსებთან გამართეს შეხვედრა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩაერთვებიან.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძეც იმყოფებოდა.

„საჭიროების შემთხვევაში და პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის მითითების შესაბამისად, ასევე თავად მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია კონსილიუმის ფორმატში ექსპერტების მობილიზება და საკითხის შესწავლა პაციენტის უფლებებისა და კანონის დაცვით. დღეს, იუსტიციის სამინისტროს ექსპერტების ჩამონათვალს მივაწოდებთ. პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის მითითების შესაბამისად გავაგრძელებთ საქმიანობას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

საჭიროების შემთხვევაში კონსილიუმის წევრები იქნებიან:

ზურაბ ფაღავა - ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი კარდიოლოგიის დარგში;დავით მეტრეველი - ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ​ ენდოკრინოლოგიის დარგში;ალექსანდრე ცისკარიძე - ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ნევროლოგიის დარგში;ნინო შარაშენიძე - ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგიის დარგში;ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი.

როგორც ადვოკატები აცხადებენ, სააკაშვილი დაპატიმრების შემდეგ, პირველი ოქტომბრიდან შიმშილობს, რის გამოც მისი მდგომარეობა რთულდება.

იუსტიციის სამინისტრომ ჯანდაცვის მინისტრს მიმართა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზის მიზნით, ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფი შეიქმნას. სამინისტრომ მონიტორინგის ჯგუფში ჩართვა სახალხო დამცევლ ნინო ლომჯარიასაც სთხოვა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართა.