თამარ გაბუნია: ინფიცირების შემთხვევები განსაკუთრებით კახეთში გაიზარდა, რაც სავარაუდოდ, რთველს უკავშირდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები საგრძნობლად გაიზარდა კახეთში, რაც სავარაუდოდ, რთველს უკავშირდება.

მისი თქმით, გარკვეული მატება აღინიშნება ახალგაზრდა ჯგუფებში, შესაძლებელია, სტუდენტებშიც იყოს ინფექციის უფრო აქტიური გავრცელება, ვიდრე აქამდე იყო.

"მათი მცირე ნაწილია ვაქცინირებული და აკადემიურ გარემოში ვირუსის გავრცელების რისკი არსებობს. ვფიქრობთ, კახეთში ეს უკავშირდება რთველის სეზონს. შესაძლოა, გარკვეული სოციალური ღონისძიებები, თავშეყრა იყო. წვიამიანი სეზონი იყო და როგორც ჩანს, ეს ყველაფერი შენობებში ხდებოდა, რამაც ინფექციის გავრცელებას შეუწყო ხელი. “, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას განმარტებით, მილიონამდე ადამიანი სულ მცირე ერთი დოზითაა აცრილი.

„ ბოლო ორი დღეა, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებელი ხუთი ათასს აღწევს. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის მატებას ჯერ ვერ ვაფიქსირებთ, რაც არის იმედისმომცემი ნიშანი, შეიძლება, ეს იყოს ვაქცინაციის ეფექტიც კი, რადგან არსებობს ინფიცირებულთა მცირე ჯგუფი, რომლებიც ბინაზე რჩებიან და მცირე სიმპტომი აქვთ.ამ შემთხვევაში, ამ ამბავს მეხუთე ტალღას ვერ დავარქმევთ, რადგან ჩვენთვის მეოთხე ტალღა არ დასრულებულა. შემთხვევების რაოდენობა ისედაც მაღალი იყო, ეს არის გარკვეული მატება მეოთხე ტალღის პერიოდში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.