მამუკა ხაზარაძე: არამარტო გახარიას პარტიის კანდიდატს, არამედ ჩვენ მხარს დავუჭერთ ისეთ ადამიანებს, როგორიც არის თუნდაც, მეჭიაური თიანეთში

არამარტო გახარიას პარტიის კანდიდატს, არამედ ჩვენ მხარს დავუჭერთ ისეთ ადამიანებს, როგორიც არის თუნდაც, მეჭიაური თიანეთში, - განაცხადა „ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მედიასთან,

მამუკა ხაზარაძის თქმით, სხვადასხვა პარტიასთან აქვთ მოლაპარაკებები კოალიციურ მართვასთან დაკავშირებით, რათა ერთიანი კაბინეტით წარდგნენ თბილისში არამარტო ადამიანები, არამედ - განვითარების კონკრეტული ხედვაც, თუ რისი გაკეთება აქვს გადაწყვეტილი კოალიციურ მართვას თბილისისთვის.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია „მარშალის გეგმის„ იმპლემენტაცია დაიწყოს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

კითხვაზე, თანამდებობებზე თუ მოხდა შეთანხმება, ხაზარაძე პასუხობს, რომ „კონსულტაციები მიმდინარეობს".

„თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება გახარიას მიმართ, როგორც სახელმწიფო მოღვაწის და ყოფილი პრემიერის მიმართ. მას აქვს საკმაოდ ბევრ კითხვაზე პასუხი გასაცემი, თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ, თუ ისინი თავს თვლიან ოპოზიციად, რაც შეიძლება მეტი ხმა წამოიღოს თავის ყულაბაში, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოვაშოროთ მმართველობას. აქედან გამომდინარე, არამარტო გახარიას, არამედ ჩვენ მხარს დავუჭერთ ისეთ ადამიანებს, როგორიც არის თუნდაც, მეჭიაური თიანეთში. აქ არის სახელმწიფოებრივი თემა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქში გაიმართება. აქედან 17 ქალაქში "ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების“ კანდიდატები იქნებიან მეტოქეები. მხოლოდ ცაგერში გაიმართება მეორე ტური გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" კანდიდატის ბესარიონ ბენდელიანის მონაწილეობით. ორ ქალაქში კი, თიანეთსა და ოზურგეთში "ქართული ოცნების" კონკურენტები, დამოუკიდებელი კანდიდატები თამაზ მეჭიაური და კონსტანტინე შარაშიძე იქნებიან.