ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველამ უნდა იფიქროს შერიგებაზე და ქრისტიანულ მიტევებაზე.
„მის მიმართ ასეთი გზავნილი მქონდა - ვფიქრობ, ჩვენ ყველანი და მთელი ქვეყანა ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე და გამოსავალი აქედან არის შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, შევწყვიტოთ ერთმანეთზე ცუდი საუბარი. ვთხოვე ბატონ მიხეილს, რომ მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის რომ ყველამ ერთად ვიფიქროთ შერიგებაზე, ქრისტიანულ მიტევებაზე. ჩვენ მისატევებელი გვაქვს ძალიან ბევრი ერთმანეთისთვის. ვფიქრობ, ეს ჯერ კიდევ ჩვენი წარსულიდან იწყება, კომუნისტების პერიოდიდან, შემდეგ პირველი პრეზიდენტი, მძიმე 90-იანი წლები და დღესაც ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის მისატევებელი. ჩვენ რომ ერთმანეთს ვუანგარიშოთ, ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი, ქვეყანა ასე წინ ვერ წაიწევს.
ვუთხარი ბატონ მიხეილს, რომ ქვეყანა ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას, უნდა შევურიგდეთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს... მე ეს ვთხოვე ბატონ მიხეილს და მან თავის მიმართვაში ჩაწერა, რაც იმედი მაქვს, გამოქვეყნდება. მინდა თქვენც მოგიწოდოთ, რომ შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა ერთმანეთის მიმართ. დიდი იმედი მაქვს, ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ერა, ახალი ეპოქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იმით, რომ მოქმედი და მომავალი ხელისუფლება ერთმანეთთან საერთო ენას გამონახავენ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
„თვითონ ვკითხე და მისი პოზიციაც არის ზუსტად ასეთი, სრული თანხმობა, არავითარი არცერთი სიტყვა არ შემოუბრუნებია, თქვა, რომ თვითონაც ზუსტად ასე ფიქრობს, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი”, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.