ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის დასტურის შემდეგ მულტიფუნქციური ჯგუფი მუშაობას დაიწყებს

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, განსაკუთრებით როდესაც საქმე შეეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, კონფიდენციალურია. ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბროთ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მედიასთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილის პირადი ექიმი შეხვდა ექსპერტთა ჯგუფს, თუმცა, მათთვის პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გაუზიარებია, რადგან მას სააკაშვილი თანხმობა არ ჰქონდა.

„ექსპერტთა ჯგუფი შევახვედრეთ პაციენტის პირად ექიმს, რათა მომხდარიყო მათ შორის კომუნიკაცია და ამ შეხვედრით მიგვეღო დასტური, რომ ეს ექსპერტები მისაღები არიან პირველ რიგში, პაციენტის პირადი ექიმისთვის. ამ ეტაპისთვის ველოდებით პაციენტისგან თანხმობას, რომ შესაძლებელია მან გაუზიაროს ექსპერტებს ჯანმრთელობის ის მონაცემები, რაც პაციენტის პირად ექიმს გააჩნია.

იმის შემდეგ კი, როცა დასტურს მივიღებთ პაციენტისგან უკვე ჩაერთვებიან ექსპერტები ამ მოცემული ჯგუფის სამუშაო რეჟიმში. გვიჭირს ხოლმე კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, რაც კონფიდენციალურია. ხშირად აღვნიშნავთ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, განსაკუთრებით როდესაც საქმე შეეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, კონფიდენციალურია. ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბროთ.

მის პირად ექიმსაც არ ჰქონდა აღებული უფლება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვენთვის გაეზიარებინა. ველოდებით პაციენტისგან თანხმობას და ამის შემდეგ დავიწყებთ მსჯელობას როგორც არსებულ მდგომარეობაზე, ასევე საჭირო ყველა გამოსავალზე, რაც შემდგომში შეიძლება საჭირო გახდეს. მე არ მაქვს მისი ახლანდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.

იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა საჭიროება იქნება გამოკვეთილი, შეირჩევა ჯგუფის მუშაობის ინტენსივობაც და ფორმატიც. ამ ეტაპზე მუშაობს პენიტენციური სამსახურის სამედიცინო ჯგუფი, რომელიც არის საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის. ყოველივე ამის შეჯერება მათთან ერთად მოხდება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

თავის მხრივ, საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მონიტორინგს ომბუდსმენის აპარატი რეგულარულად განახორციელებს.

ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ დრომდე პატიმრის უფლებრივი მდგომარეობა მხოლოდ ერთხელ, პენიტენციური სამსახურისა და პრემიერ-მინისტრის მიერ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით დაირღვა.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მივესალმები, რომ ჯანდაცვის სამინისტროში უკვე შეიქმნა მულტიფუნქციური ჯგუფი. მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმიც იყო ჩართული ამ ჯგუფის შექმნაში და ახლა ველოდებით თავად პატიმრის თანხმობას, რომ ამ ჯგუფმა იმუშაოს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პატიმრის პირადი ნდობა ექიმების საქმიანობის მიმართ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუკი იქნება თანხმობა, ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი რეგულარულად განახორციელებს ჯანმრთელობის მონიტორინგს და საზოგადოებას მიაწვდიან მისი ჯანმრთელობის დინამიკის თაობაზე ობიექტურ ინფორმაციას“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამავე თემაზე:

იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზის მიზნით, ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის შექმნას ითხოვს

ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებზე განცხადებას ავრცელებს